გუშინ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიას ეწვია და ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM Fest”-ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.
„GEM Fest”-ი (Georgian Electronic Music Festival) 30 ივლისს გაიხსნება და 7 აგვისტომდე იმუშავებს. ფესტივალი 18 ჰა ტერიტორიაზე განთავსდება. მის ტერიტორიაზე სპეციალურად აშენდა 5 სცენა, კარვების ქალაქი, აგრეთვე კინოთეატრი ღია ცის ქვეშ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „GEM Fest”-ს მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა და მადლობა გადაუხადა როგორც ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ფესტივალის სხვა ორგანიზატორებს და ყველა მოხალისეს გაწეული სამუშაოებისთვის.აგრეთვე ფესტივალის სპონსორებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც ინვესტიცია განახორციელეს „GEM Fest”-ის იდეის განხორციელებასა და საფესტივალო ინფრასტუქტურის შექმნაში.
საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალგაზრდულ ქალაქში, სადაც 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება, მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩატარებული.
„განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს ლევან შონიას, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ აღნიშნული ფესტივალის, არამედ კერძო სექტორისა და ბიზნესის მხარდაჭერით. აგრეთვე მადლობაგადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორს, გიორგი სიგუას, რომელიც დღე და ღამე ათენებს მოსამზადებელ სამუშაოებზე, ასევე ჩვენი სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელსა და მოხალისეს, რომლებიც ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ. ანაკლიაში ძალიან მაღალი დონის ფესტივალი გაიმართება. ამიტომ, მინდა ყველას მოვუწოდო, ჩამოვიდეს ანაკლიაში, სადაც 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით იქნება მაღალი ხარისხის ელექტრონული მუსიკა და სასიამოვნო გარემო დასვენებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, „GEM Fest”-ი იქნება დიდი მოვლენა საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.
მინისტრის ვიზიტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ მედიატურს დაემთხვა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრტაციის ორგანიზებით, პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სამეგრელოში მედიატური მოეწყო.
პრეს-ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ანაკლიის ტურისტულ პოტენციალს და Gem Fest-ის მზადების პროცესს გაეცნენ.
მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ექსკურსია ზუგდიდში, დადიანების სასახლესა და ბოტანიკურ ბაღში.
მასალის გამოყენების პირობები






