ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი "გურია ნიუსთან" საუბრისას იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ თქვა მარგველაშვილმა უარი, რომ სააკაშვილის ხარჯებზე გრიფი მოეხსნა.
"გრიფის მოხსნა არ უკავშირდა საგამოძიებო მოქმედებებს. პროკურატურას შეეძლო ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები მაშინაც კი როდესაც ამ დოკუმენტებს ედებოდა გრიფის საიდუმლო. მოხსნის მოტივი იყო ერთადერთი, რომ მომხდარიყო ამ დოკუმენტების გასაჯაროება. ვიმეორებ, გრიფის მოხსნა ხელს არ უშლიდა პროკურატურას, რომ გამოძიება ეწარმოებინათ. მაგრამ ეს ხელს აძლევდა იმაში, რომ მას გაესაჯაროვებინა და მოსახლეობისთვის ემცნო, რომ ისინი გამოძიებას აწარმოებდნენ 7 პიჯაკისა და სამი თუ ოთხი ქვითრის გამო. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს 7 პიჯაკის და სუშის ქვითრის გამო დევნის, დამეთანხმებით არ გამოიყურება სათანადოდ", - აცხადებს თინათინ მჟავანაძე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კვლავ სამოქალაქო სექტორში გადასული ყოფილი პრემიერის კრიტიკის ობიექტია. ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილი სააკაშვილის დაცვის მიზნით პროკურატურას გამოძიებაში ხელს უშლიდა და გარკვეულ მასალებს საიდუმლო გრიფს არ უხსნიდა.
მასალის გამოყენების პირობები






