„გარკვეულწილად, ტუსკის ჩამოსვლა, სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა. ხვალ იგი ამ ადგილს თავად ესტუმრება და ეს იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მსოფლიოს მიერ აღიარებულია და ყველა ის პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, დროებითი მოვლენაა, იმიტომ, რომ მსოფლიო დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს არ ცნობს, ასევე მსოფლიო ამ ტერიტორიებზე რუსეთის ექსკლუზიურ უფლებებს არ ცნობს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით საქართველოში ტუსკი იმიტომ არ ჩამოსულა, რომ რუსეთს აქედან თითი დაუქნიოს.
„ამ ვითარებაში, ძალიან გონიერები უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის მხრიდან არანაირ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ და მსოფლიო ის მხარდაჭერა შევინარჩუნოთ, რომელიც გვაქვს. ასეთ შემთხვევაში, ოკუპაცია და ყველა სხვა პრობლემა დროებითია, სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მსოფლიო ვერ ავიყოლიეთ და რაიმე სხვა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მართლა შეიძლება, გრძელვადიან პრობლემებთან გვქონდეს საქმე. ამიტომ, ტუსკის ვიზიტი ამაზეა ხაზგასმა. ის საქართველოში იმიტომ არ ჩამოსულა, რომ რუსეთს აქედან თითი დაუქნიოს, ის საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ჩვენ ვისაუბროთ და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პროცესზეც და იმ საკითხებზეც ვისაუბრეთ, რაც უახლოეს ხანებშია მოსაგვარებელი. ასევე პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფ კანონპროექტებზე ვისაუბრეთ, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციის მოლაპარაკებებს უკავშირდება და ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვარ და ენთუზიაზმი მომემატა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ შევძლებთ ძალიან სერიოზული შედეგების მიღწევას. თუმცა, ჯერ გზა გასავლელია, ჯერ ყველაფერი არ არის დასრულებული, მაგრამ ამ შეხვედრაზე, სტუმრის და მისი თანმხლები პირების განწყობიდან გამომდინარე, ეს რწმენა კიდევ უფრო გამიმყარდა. ასე რომ, ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან მალე კიდევ უფრო სწრაფად წავა და ამ შედეგებს თითოეული ჩვენგან კიდევ უფრო მეტად იგრძნობს. ეს ამ ვიზიტის მთავარი შედეგია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






