ტყუილი პირველი: ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებდა. ჩვენ პირველი დღიდან ვუკიჟინებდით, რომ ეს იყო ცრუ და აბსურდული დაპირება, და რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მაამებლური პოლიტიკა კარგს არაფერს მოიტანდა. ამის მიუხედავად, ივანიშვილმა დიდი ენერგიით დაიწყო დრეიფი რუსეთისკენ: ლაპარაკობდა ევრაზიულ კავშირში შესვლის შესაძლებლობაზე, აქებდა სომხეთის პოლიტიკას, გახსნა სივრცე აფხაზეთის რკინიგზის თემის გასააქტიურებლად, დაძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ეს რიტორიკა ინტენსიური მცოცავი ოკუპაციის პარალელურად მიმდინარეობდა, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევდა. ივანიშვილი ამ პროცესს „გაუგებრობას“ უწოდებდა. სამწუხაროდ, ხალხის დიდ ნაწილს მისი სჯეროდა. ამასობაში სამი წელი გავიდა. რუსეთთან ურთიერთობები არათუ არ დალაგდა, მოჩვენებითი ზედაპირული პოზიტივებიც კი გაქრა (ღვინის, ვაშლის, ბორჯომის გაყიდვა და ა.შ.).
ტყუილი მეორე: „რუსები უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს საზღვრავენ“. ეს სრული სისულელე და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. აიღეთ თუნდაც ბოლო ფაქტი და თავად განსაჯეთ: ხურვალეთისა და წითელუბნის მოსახლეობა ომის შემდეგ გასული 7 წლის განმავლობაში უპრობლემოდ ამუშავებდა მიწებს, დღეს კი ოსები აქ „საზღვარს“ ავლებენ. ანუ ხელისუფლება მოგვიწოდებს, დავიჯეროთ, რომ ომის შემდეგ გასული 7 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა ოკუპირებულ მიწებს ამუშავებდა და აქ მოსავალი მოყავდა.
ტყუილი მესამე: „რუსები ნაციონალების მიერ სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციისათვის „დამტკიცებულ“ საზღვარს მიჰყვებიან“. ჯერ ერთი, ხელისუფლება ვერ ჩამოყალიბდა, ეს „სანაკოევის საზღვარია“ თუ კომუნისტების დროს არსებული ოლქის საზღვარი. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მნიშვნელობა აქვს ე.წ. „სარკოზი-მედვედევის“ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაცრუსებმა აიღეს ვალდებულება, რომ უკან დაიხევდნენ საწყის პოზიციებზე. შესაბამისად, საუბარი ნებისმიერ „დამტკიცებულ საზღვარზე“ არის სახელმწიფოს ინტერესების პირდაპირი ღალატი.
ტყუილი მეოთხე: „მცოცავი ოკუპაცია 2009 წელსვე დაიწყო“. ნამდვილად დაიწყო, რაც გამოიხატებოდა ახალი მავთულხლართების გაბმის რამდენიმე წარუმატებელ მცდელობაში. ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების მეცადინეობით რუსები ღამით ჩუმად აგებულ ახალ გამყოფ ხაზებს ვერ აფიქსირებდნენ, ისინი იმავე ღამეს ქრებოდა და რუსებს ახალი სამხედრო ძალით შემოსვლისა და ტერიტორიების დაკავების გარდა, სხვა გამოსავალი არ რჩებოდათ. ამ ნაბიჯზე კი ისინი ვერ მიდიოდნენ, რადგან ახალი სამხედრო კონფრონტაცია იმ პირობებში, როდესაც სიტუაცია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დღედაღამ კონტროლდებოდა, არც რუსეთს აწყობდა. ამიტომ, მათ უფრო ხელსაყრელი მომენტის დალოდების სტრატეგია აირჩიეს.
მცოცავი ოკუპაცის რეალურად დაიწყო 2013 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 2 თვეში. რუსებმა შეუფერხებლად დაიწყეს ჩვენს მიერ კონტროლირებად, ჩვენი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე გადმოსვლა და ახალი გამყოფი ხაზების დაფიქსირება. ისინი იმდენად გათავხედდნენ, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ნაკვეთებს შუაზე უყოფდნენ, ან სახლს ერთ მხარეს ტოვებდნენ და ეზოს - მეორე მხარეს. ჩვენი ხელისუფლების პასუხი ამ დროს ნულოვანი იყო. რომ არა ჟურნალისტები და ოპოზიცია, ეს ფაქტები ალბათ საინფომაციო სივრცეშიც კი ვერ მოხვდებოდა.
ტყუილი მეხუთე: „ჩვენ არაფერი შეგვიძლია“. ჯერ ერთი, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია საერთაშორისო საზოგადოების აზრის მობილიზება ამ საკითხებზე, რასაც ახალი ხელისუფლება არათუ ცუდად, საერთოდ არ აკეთებს. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლებაც და საშუალებაც, რომ ვაკონტროლოთ საოკუპაციო ზოლს აქეთ დარჩენილი ტერიტორიები. ივანიშვილის ხელისუფლება ამას დემონსტრაციულად არ აკეთებს. მათ პერიმეტრიდან მოხსნეს ყველა ის ქვედანაყოფი, რომელიც ამ ფუნქციას წარმატებით ასრულებდა, ტერიტორიები მიაგდეს სრულიად უკონტროლოდ და რუსებს საშუალება მისცეს, რომ ისე იპარპაშონ იქ, როგორც მოეხასიათებათ. ანუ სიმართლე არის ის, რომ ჩვენ, მართალია, არ შეგვიძლია ოკუპირებული ტერიტორიების დღესვე უკან დაბრუნება, თუმცა ნამდვილად შეგვიძლია საოკუპაციო ზოლის კონტროლი. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება, რაც დღევანდელ ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს.
ტყუილი მეექვსე: „ხელისუფლებას აქვს თავისი პოლიტიკა და ხელს ნუ შეუშლით“. ეს ძალიან საინტერესო სენტენცია, ანუ ძალიან ბინძური ტყუილია. უკეთეს შემთხვევაში ეს „პოლიტიკა“ მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ რუსებს ყველაფერი დავუთმოთ. მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, რამდენად შეიძლება ამას „პოლიტიკა“ ვუწოდოთ. სინამდვილეში, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ ერთი „პოლიტიკა“ - ეს არის სრული, უპორობო კაპიტულაცია რუსეთის წინაშე. ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მათ არ დაუშვეს ომი. ცხადია, კაპიტულაციის პირობებში ომი არ იქნება, მაგრამ რა ფასი აქვს მშვიდობას, თუ ისევ ხდება ადამიანების გატაცება, მიწების მიტაცება, ურთიერთობები არ ლაგდება, მტერი მტრად რჩება?
ვთქვათ, ერთადერთი ჰიპოთეტური „სარგებელია“ ის, რომ დღეს ქვეყნის სრული ოკუპაცია არ ხდება? ნუთუ ასეა? ვინმემ იცის სად გადის ოკუპაციის ზღვარი? თუ ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ 2008 წლის მდგომარეობა მაინც შევინარჩუნოთ, მაშინ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს მცოცავი ოკუპაცია რომელიმე დათქმულ წერტილში შეჩერდება? ანდა, როგორ უნდა მოხდეს ამ წერტილის „დათქმა“? ჩვენ რა, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რუსეთთან და მოლაპარაკების გზით ვთმობთ ამ ტერიტორიებს??? ასეთი მოლაპარაკება თუ არსებობს, ეს უკვე კრიმინალია და, ესეც არ იყოს, რა ძალა შეიძლება ქონდეს მსგავს არაფორმალურ შეთანხმებებს? ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით, რომ რუსეთთან ოფიციალური შეთანხმებებიც ფიქტიურია. მაშ, რა ფასი უნდა ქონდეს მაგალითად აბაშიძისთვის მიცემულ კარასინის სიტყვას?
ტყუილი მეშვიდასე: „ჩვენ გვყავს ხელისუფლება“. არა ბატონებო, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. ჩვენ გვყავს უიდეო, უუნარო, მშიშარა პროვოკატორების უშნოდ შეკოწიწებული ჯგუფი, რომელიც თვითან თვემდე მხოლოდ ხელფასსა და პრემიას ითვლის. ჩვენ დღეს ვართ ბედის ანაბარა მიტოვებული ქვეყანა, სადაც არაფერი ხდება იმის გარდა, რომ ისევ ფეხს იკიდებს კორუფცია და ნეპოტიზმი, ინგრევა გზები, იყოფა საზოგადოება, იშლება ეკონომიკა და ივსება მხოლოდ ივანიშვილის და მისი მონების ჯიბეები.
მასალის გამოყენების პირობები






