ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ე.წ. საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო ნიშნების აღმართვას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს. დონალდ ტუსკის თქმით აღნიშნული ქმედება სიტუაციის სტაბილიზებას და კონფლიქტის მოგვარებას არ ემსახურება. ამასთან დაკავშირებით ტუსკმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. მისი თქმით ევროპული საბჭო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.
„ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სეპარატისტულ რეჟიმთან სამხრეთ ოსეთში, ნამდვილად არასწორი მიმართულებაა. ეს ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა და ნამდვილად არ ემსახურება ნდობასა და სხვა ძალისხმევას, რომელიც სიტუაციის სტაბილიზებისა და კონფლიქტის მოგვარებისკენაა მიმართული. მე ხვალ ვეწვევი და საკუთარი თვალით ვიხილავ თუ რა მდგომარეობაა იქ. მე ასევე მექნება საშუალება, გავეცნო ევროკავშირისა და სადამკვირვებლო მისიის მუშაობას. ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
როგორც ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა საბჭო რუსეთის ფედერაციას, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს შორის არსებულ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელსაც არავითარი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია, არ აღიარებს.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციას, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს შორის, რომელსაც არავითარი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა თავისი ვალდებულება და განახორციელოს 2008 წლის სექტემბრის თვალსაზრისით განსაზღვრული ზომები“,- განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მასალის გამოყენების პირობები






