მინდა ყველამ გაიგოს- საქართველოს ხელისუფლება უდრტინველად ჩააბარებს ამ ტერიტორიასაც. შემდეგ იტყვიან,რომ დაძაბულობა არ უნდათ. ცხადია, ისევ 2008 წლის ომს დააბრალებენ და ისევ ყოფილ მთავრობას.
ოღონდ, არ გეგონოთ, რომ ეს ერთადერთი სცენარია და ტერიტორიების ჩაბარების გარდა სხვა გზა არ გვაქვს. უბრალოდ, ასეთია რეალობა მეგობრებო - საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ასე ურჩევნია - ურჩევნიათ ტერიტორიები დათმონ, ვიდრე თავი შეიწუხონ ბრძოლით და მუშაობით.
მინდა განვმარტო: ომის აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ გაივლო ზოლი, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა, რომ აქ გადის ოკუპაციის ზოლი და რუსები ვალდებულები არიან, საწყის პოზიციებზე, ანუ უკან დაიხიონ.
საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო იმ ტერიტორიის აქტიური კონტროლი, რომელიც ზოლს აქეთ დარჩა. ამ საქმეში ჩართული იყო შსს სპეციალური ქვედანაყოფები, კონტრდაზვერვა, საპოლიციო პატრულები და სამხარეო ინსტიტუტები, რომლებიც ამოცანას მუდმივი მუშაობისა და რისკის ფასად, თუმცა უმკლავდებოდნენ.
შედეგი ის იყო, რომ რუსებმა იცოდნენ: მათ მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ნაბიჯის გადმოდგმა, გარდა იმისა, რომ სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა ნებისმიერ ოკუპანტს, სერიოზული კონფლიქტის ესკალაციასა და დიდ საერთაშორისო სკანდალს მოიტანდა. ამიტომ, თითოეულ ნაბიჯს ასჯერ ზომავდნენ.
ახალმა ხელისუფლებამ ხელის ერთი მოსმით გააუქმა ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფდა. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთს მხოლოდ სააკაშვილი აღიზიანებდა და ახლა, რადგან ხელისუფლებაში სააკაშვილი არაა, რუსეთთან ყველაფერი დალაგდაო. აი ასე, აიღეს და ყველაფერი მოშალეს.
შედეგად მივიღეთ რუსების შეუზღუდავი ბოდიალი მათ მიერ მანამდე არ -კონტროლირებად ტერიტორიებზე და ახალი მავთულხლართების გაბმის გამალებული პროცესი, ხელისუფლება კი ამას „გაუგებრობას“ ეძახდა და ახალ ფორმატებს თხზავდა რუსებთან სასიყვარულო ურთიერთობებისათვის.
იგივე გრძელდება დღესაც. ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დამატებითი ტერიტორიები არ დაკარგოს. ისინი რუსებს გადაადგილების სრულ თავისუფლებას აძლევენ და მხოლოდ ახალი გამყოფი ზოლების რეგისტრირებით არიან დაკავებულნი.
მინდა, ყველამ კარგად გაიაზროს: რომ არა ივანიშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების კაპიტულანტური ქცევა, ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთ დაცული იქნებოდა. აღარ იქნებოდა ეს მცოცავი ოკუპაცია, აღარ იქნებოდა დაკარგული ტერიტორიები და უმიწოდ და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა.
ახლა კი რა? მოვლენ რუსები და კიდევ ერთ ტერიტორიას მიითვლიან! ხუთი რუსის მიერ აღმართულ ბანერს მალე მძიმე ტექნიკასაც მოუყენებენ და პოსტსაც დააყენებენ. მთავრობა კი მხოლოდ იმკითხავებს, სად იქნება შემდეგი ასეთი ადგილი. თუმცა არა, არც იმკითხავებენ, მშვიდად დაელოდებიან მომდევნო ინსტრუქციას კრემლიდან.
ამ სიტუაციიდან ტექნიკური გამოსავალი ნამდვილად არსებობს: უბრალოდ უნდა აღდგეს ყველა იმ ინსტიტუტის ფუნქციონირება, რაც ტერიტორიების ეფექტური კონტროლისთვის აუცილებელია. პრობლემა ისაა, რომ ეს ხელისუფლება ამას არასოდეს გააკეთებს. ამიტომ, ნამდვილი გამოსავალი ერთადერთია: ივანიშვილი და მისი მარიონეტები სასწრაფოდ უნდა ჩამოვაცილოთ სახელმწიფოს მართვის სადავეებს!
მჯერა, ასეც იქნება!
მასალის გამოყენების პირობები






