უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უშიშროების საბჭოს აპარატის ათნელის რეზიდენციაში გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული შენობა ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთბრალდებების საბაბი არ უნდა ხდებოდეს.
მისი თქმით, მსგავსი საკითხები სახელმწიფოებრივი ინტერესით უნდა წყდებოდეს.
"ეს უხერხულობა არ შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. ალბათ საჭიროა, არა საკუთარი სურვილებით და რაიმე პოლიტიკური კონიუნკტურით, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესით გადაწყდეს მსგავსი საკითხები. ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამ ნიშნით უნდა მიიღებოდეს, რადგან არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე მილიონი იხარჯებოდეს შენობაზე და შემდეგ მისი გამოყენება არ ხდებოდეს შესაბამისად", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, იმერლიშვილმა შესაბამისი წერილით 15 ივლისს პრემიერ-მინისტრის აპატრატს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. წერილში იმერლიშვილი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც სტრუქტურულად და ფინანსურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ამის შემდეგ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი წერილი სახელმწიფო მართვის ქონების სააგენტოსგან, რომელიც თარიღდება 13 ივლისით. წერილის თანახმად, ირინა იმერლიშვილმა მიიღო თანხმობა იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭოს გადაეცემოდა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია. თუმცა არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ირინა იმერლიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე თანხმობა მიიღო, უარი თქვა აქ გადმოსვლაზე და უკვე გუშინ უარის წერილი გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






