სრულად რეაბილიტირებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული დაწესებულების გახსნას ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, მთავრობის წევრები, ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ტრეისი ნევილი და ვისკონსინის სასჯელაღსრულების უწყების დელეგაცია დაესწრო.
რეკონსტრუქციის შედეგად, დაწესებულებაში გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, დაწესებულების პოპულაციის რაოდენობაზე გათვლილი საშხაპეები, სამრეცხაო-საშრობები, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სტანდარტის დაცვით, თითეულ მსჯავრდებულზე გამოიყო 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები. იატაკი მოპირკეთდა სპეციალური საფარით, რომელიც ზამთარში სითბოსა და სიმშრალეს ინარჩუნებს. დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა, განათება, წყალ-კანალიზაცია.
საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის პარალელურად, აშენდა მულტიფუნქციური შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსდა სასადილო, ხოლო მეორე და მესამე სართულზე - ბიბლიოთეკა, საკლასო და კომპიუტერული კაბინეტები, აუდიტორიები, სოციალური პროგრამებისთვის საჭირო სივრცეები და ა.შ.
ინფრასტრუქტურა მოეწყო მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.
ხანგრძლივი პაემნებისთვის მოეწყო 20 ოროთახიანი სივრცე შესაბამისი ავეჯითა და სველი წერტილებით.
მსჯავრდებულებისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარეობს ორსართულიანი სამედიცინო ნაწილი, რომელიც სრულადაა მორგებული მათ საჭიროებებზე.
გარემონტდა სამზარეულოს შენობა და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.
დაწესებულების ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია ჯანსაღი ცხოვრების წესიც, რომლის ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი ღია მოედნები და სპორტდარბაზი.
მასალის გამოყენების პირობები






