მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტების მიერ შემუშავდა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რეკომენდაციები თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კატასტროფათა რისკის შესამცირებლად .
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ პროცესში დონორი ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთონ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დონორი ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, ვინაიდან მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის გრძელვადიანი, უსაფრთხო მართვა საკმაოდ მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს და სწორედ ამიტომაც მათი ჩართვა აუციელებელია. გამოცდილება, რაც ამ ორგანიზაციებს აქვთ, ადგილობრივ ექსპერტებთან კომუნიკაციისა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული, რათა აქ წარმოდგენილი ამოცანები განხორციელდეს. სამინისტროებმა საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს დოკუმენტის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით საბოლოო დოკუმენტი თვის ბოლომდე გადმოეცემა თბილისის მერიას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის შომბი შარპის განცხადებით, დოკუმენტის მომზადების მთავარი მიზანი იმ საჭიროებების შეფასება იყო , რომელიც 13 ივნისის სტიქიას მოჰყვა.
„მთავარი ამოცანა იყო, შეგვეფესებინა ის საჭიროებები, რომლებიც თბილისის წყალდიდობას მოყვა და ასევე შეგვემუშავებინა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს კატასტროფათა რისკის შემცირებასთან დაკავშირებით. ეს საჭიროებები ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, ასევე მოსახლეობასთან მუშაობას, ადრეული შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბებას, ყველა იმ კომპლექსური ღონისძიების გატარებას, რათა შემცირდეს კატასტროფათა რისკი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა , ყველაზე მეტად ვაქცევდით ყურადღებას წყალდიდობას, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა სახის კატასტროფათა გათვალისწინება. ჩვენი ძირითადი მიზანია, შევიმუშავოთ კომპლექსური რეკომენდაციები, რომელსაც შემდგომში საქართველოს ხელისფულება, მის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით განახორციელებს“, - განაცხადა შომბი შარპმა.
პირველადი მონაცემების მომზადებისას მსოფლიო ბანკმა და გაეროს განვითარების პროგრამამ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები გამოიყენა, მასში აქტიური მონაწილეობა თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს.
რაც შეეხება რეკომენდაციებისა და შეფასებების შესახებ საბოლოო დოკუმენტს, რომელიც სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, თვის ბოლოსთვის მომზადდება.
მასალის გამოყენების პირობები






