საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ელჩთან კიასტუტის იანკაუსკასთან.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია წარმოადგენს მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის ნაწილს და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ იზოლაციაში მოქცევას.
თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისია განაგრძობს ინტენსიურ პატრულირებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შესაძლო ინციდენტებისა და მდგომარეობის ესკალაციის არდაშვების მიზნით. აღნიშნულ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისიის მნიშვნელობას და მისი მანდატის სრულად განხორციელების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორების მხრიდან კარგად იყოს შეფასებული და გაზიარებული.
"ყველა ეს რესურსი მობილიზებულია დროულად. ეს არის ჩვენი სამუშაო რეჟიმი. გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი და ყველა ტრიბუნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, როგორც საფრთხე არამარტო საქართველოსთვის, არამედ საფრთხე რეგიონისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის, კარგად იყოს გაზიარებული და შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






