ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, სადაც თბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა "13 ივნისი" გაიხსნა. ფოტოგამოფენის ფარგლებში 24 ფოტოგრაფის მიერ 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოები გამოიფინა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიხსენა 13 ივნისის ტრაგედია და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროებს, ასევე მერიის უწყებებს, რომლებიც მისი თქმით შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ და მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. მისი განცხადებით, მათ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში განსაკუთრებული წვრილი შეიტანეს.
„უმძიმესი დღე იყო 13 ივნისი. დიდმა ტრაგედიამ, რომელიც თავს დაგვატყდა, ჩვენი დიდი ძალა დაგვანახა, ჩვენი ერთიანობის, ჩვენი სოლადარობის და კონსოლიდაციის ძალა. ჩვენ დავინახეთ როგორ ვერთიანდებით მძიმე წუთებში. ჩვენ მომსწრენი გავხდით უამრავი ისტორიისა, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი, ადამიანური და მოქალაქეობრივი იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეულობით გმირობის მაგალითია, რომელიც აუცილებლად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეუძლებელია თითოეული მათგანის ჩამოთვლა, თითოეული ისტორიის მოყოლა, ზოგის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ ვიცით მისი ისტორია, სოლიდარობის და უდიდესი თანადგომის ისტორია. მეგობრებო, იმ მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს კონსოლიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრ მათგანს არც კი უნდა მადლობის მოსმენა, რადგან თვლის, რომ თავის მოვალეობას ასრულებდა. მე მაინც მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმ უმძიმეს დღეებში პირნათლად ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ, სამსახურებრივ მოვალეობას და ხალხს, ჩვენს დედაქალაქს ეხმარებოდა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისის მერის განცხადებით, ასეულობით სახელმწიფო მოხელემ, მათ შორის მერიის უწყებათა თანამშრომლებმა, საბედისწერო საათებში და შემდგომი დღეების განმავლობაში ნამდვილი გმირობა გამოავლინეს.
„რომ არა თითოეული თქვენთაგანის განსაკუთრებული თავგანწირვა, პატრიოტიზმი, საქმისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი, ასევე მშობლიური ქალაქისადმი განსაკუთრებული სიყვარული, მსხვერპლიც და ზარალიც შესაძლოა ბევრად მეტი ყოფილიყო! ყველა სამსახურმა განსაკუთრებით თავგანწირვით იმუშავა, მაგრამ მე მაინც მინდა გამოვყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა მოქმედება, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურის მუშაკთა მართლაც თავგანწირული და დაუღალავი მონაწილეობა. საზარელმა ტრაგედიამ, რაც ჩვენს ქალაქში დატრიალდა, ბევრი რამ გვასწავლა და ისიც დაადასტურა, რომ თვით ყველაზე მრისხანე სტიქიაც უკან იხევს ადამიანური ღირებულებების წინაშე. თუმცა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ადამიანებს აღარ დასჭირდეთ გმირობა ქალაქმშენებლობისას დაშვებული მძიმე შეცდომების გამოსასწორებლად“,- განაცხადა დავით ნარმანიამ .
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეტანილი წვრილისთვის მადლობის სიგელი ,,თბილსერვის ჯგუფის'' დირექტორის მოადგილეს დავით დოლიძესაც გადაეცა.
„მადლობის სიგელით ,,თბილსერვის ჯგუფის'' ასეულობით თანამშრომელი დაჯილდოვდა. გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ პრემიერს და თბილისის მერს. ეს თითოეული მათგანისთვის დამატებითი მოტივაციაა“, - განაცხადა დავით დოლიძემ.
ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები






