„ეს მოვლენები პირდაპირ გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელიც აწარმოეს ამ მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საოკუპაციო ზოლთან მდგომი სპეციალური დანიშნულების რაზმების მიმართ. ამ რაზმებს ჩამოართვეს იარაღის დიდი ნაწილი, ამუნიცია, გახადეს ჯავშანჟილეტები, დაწიეს პოზიციებიდან უკან, რაოდენობრივად შეამცირეს და სახლში გაშვების მუქარით აუკრძალეს მოწინააღმდგესთან შეპასუხებაც კი. ყოველივე ამის შედეგს კი ახლა ვხედავთ. ამ რაზმებს ჰქონდათ, როგორც მორალური, ასევე ფსიქოლოგიური უპირატესობა და მსგავს ვერაფერს უბედავდა მეორე მხარე ამათ ხელისუფლებაში მოსვლის დრომდე, დღეს კი ისინი გადმოდიან და რასაც უნდათ იმას აკეთებენ, იმიტომ რომ არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებათ. ყველაფერი ეს შეზავებული პოლიტიკის აბაშიძიზაციასთან და ზაქარეიშვილიზაციასთან ერთად იძლევა ამ კატასტროფულ შედეგს.“- განაცხადა გივი თარგამაძემ.
თარგამაძის თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი ავტობანის დაკავებაა, ამ კატასტროფული მდგომარეობის ფონზე კი საქართველოს მთავრობა არაადეკვატურად და მავნებლურად იქცევა:
„ერთია მილსადენის საკითხი და მეორე და მთავარი არის ის რომ 450 მეტრია დარჩენილი ავტობანამდე, მიზანი სინამდვილეში არის ავტობანი და რუსები ეცდებიან ამ მიზანს არჩევნებამდე მიაღწიონ, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვისმენთ მთავრობის წევრების არაადეკვატურ განცხადებებს ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია, კალაძემ განაცხადა, რომ მილსადენზე პრობლემის შექმნის შემთხვევაში ალტერნეტიულ ვერსიას გააკეთებენ, ალბათ თუ იმასაც შეექმნება პრობლემა ისევ გამოიძებნება ალტერნატივა და ა.შ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ითქვას, თუ ავტობანს შეექმნება პრობლემა, მაშინ ჩვენ ალტერნატიული გზით ვისარგებლებთ. თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ არაფერი ახალი არ ხდება და ოკუპაციის არსებობს ისედაც და კიდევ 2 კილომეტრს გადმოწევენ თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს იგივე ლოგიკაა, ჩვენ რომ გვეთქვა, ოკუპაცია ომამდეც არსებობდა და ახალგორის ოკუპაციას მნიშვნელობა არ ქონდა, ჩვენ ასე არ გვითქვამს და მთელი სიმწვავით დავსვით ეს საკითხი. აღარაფერს ვლაპარაკობ შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რას ბოდავს და რას მიედ-მოედება არავინ იცის, ჯობია საერთოდ არაფერი არ თქვას, იმიტომ რომ დღეს ერთ გამოსვლაში უამრავი მავნებლური რაღაცა თქვა და არაკომპეტენტურობა აჩვენა. ის საუკუპაციო ზოლის მიმდებარედ მიმდინარე პროცესებს თავის ფუნქციად არ აღიქვამს, მან იცის, რომ ის არის უბრალოდ ივანიშვილის პირადი „ახრანკის“ უფროსი და ივანიშვილის პირადი უსაფრთხოებით უნდა იყოს დაკავებული, რაც გაფორმდება კიდევაც, როდესაც მას დანიშნავენ უშიშროების უფროსად ანუ მეფის-ივანიშვილის პირადი „ახრანკის“ უფროსად.“- აღნიშნა თარგამაძემ.
გივი თარგამაძის თქმით ამ მომენტისთვის საქართველო თავის პრობლემებთან და რუსეთთან პირისპირ მარტო არის დარჩენილი. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით ხელისუფლემა ოპოზიციის არცერთი გაფრთხილება არ გაითვალისწინა, რამაც საბოლოოდ პროცესები კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა. თარგამაძე ამ სიტუაციიდან გამოსავალს ძალების კონსოლიდაციაში ხედავს :
„სიტუაცია არის ნამდვილად კატასტროფული და ყველა ძალის კონსოლიდაციაა იმისთვის საჭირო რომ ჩვენ გარდაუვალი კატასტროფა ავიცილოთ თავიდან. საქართველო ამ მომენტისთვის არის მარტო, რადგან ქვეყნის ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მიმართ არანაირ სიგნალს არ იძლევა, რომ აქ ხდება კატასტროფული მოვლენები. საგარეო უწყება შაბლონური განცხადებით შემოიფარგლა, ტუსკის ვიზიტიც გაუქმდა. ყოველივე ამის პარალელურად კი გვესმის კალაძის განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაა საკმარისი და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები. აბაშიძემაც თითქოს ახლა გაიგო ეს პრობლემები და კარასინთან ახლა აპირებს ლაპარაკს. ამ ფორმატმა რა სარგებელი მოიტანა არავინ იცის, ერთადერთი იყო ის ქიმერა, რაც სავაჭრო ურთიერთობებს უკავშირდება და ესეც საბოლოოდ არარეალური აღმოჩნდა. ჩვენ მივუთითებდით სპეცრაზმელების პრობლემაზეც, აბაშიძე-კარასინის ფორმატის უმოქმედობაზეც და საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურების საჭიროებაზეც, მაგრამ ოპოზიციას არ აქვს ყველა ბერკეტი და გადამწყვეტი ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდ გადადგას, რასაც ეს ხელისუფლება არ აკეთებს“- განაცხადა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






