"ახალი მემარჯვენეების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ, საქართველოს საგარეო უწყებამ უნდა შეწყვიტოს რუსეთთან ნებისმიერ სხვა საკითხზე დიალოგი აბაშიძე კარასინის ფორმატში და ყველა კომუნიკაცია საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტებზე პროტესტისათვის უნდა იქნას გამოყენებული.
"ახალი მემარჯვენეების" განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მასშტაბური დარღვევის და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი მოხდა, როცა შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა თვითნებურად ორი კილომეტრით გადმოსწია ე.წ. სასაზღვრო ზოლი და მიიტაცა ქართული სოფლების კუთვნილი სავარგულები. მცოცავი ანექსიის ამ გამოვლინებას არამარტო ქართული სოფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიები შეეწირა, არამედ, რაც უაღრესად სახიფათოა, საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მქონე ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი.
ამ ფონზე დანაშაულებრივად უმოქმედოა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი რბილი განცხადებით შემოიფარგლა.
ამ დღეებში პრაღაში დაგეგმილია აბაშიძე–კარასინის მორიგი შეხვედრა. სრულიად გაუგებარი და არაადექვატურია ამ ფონზე ნებისმიერ სხვა საკითხზე მსჯელობა, სანამ საქართველო რუსეთის მხრიდან განგრძობითი ოკუპაციის რეჟიმში იმყოფება. მით უფრო, რომ საქართველოს მხარე ელაპარაკება პოლიტიკურ პირს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დანიშნულია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ფაქტობრივი მიერთების პროცესში სპეციალურ წარმომადგენლად.
ასეთ ვითარებაში უნდა შეწყდეს ყველა სხვა საკითხზე მსჯელობა და ყველა ფორმატი – ორმხრივი თუ მრავალმხრივი, ყველა კომუნიკაცია საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტებზე პროტესტისათვის უნდა იქნას გამოყენებული.
საგანგაშოა, როცა ამ დროს ცხადად ვხედავთ რუსული ფულის აშკარა შემოდინებას ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში, რაც რუსული პროპაგანდისტული მანქანისაგან შექმნილი გაუგონარი კლიშეებისა და სტერეოტიპების გავრცელება–დამკვიდრებას უწყობს ხელს.
სამარცხვინოა და ქვეყნის ინტერესის დამაზიანებელი, როცა ასეთ დროს ერთ–ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერი ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში მიემგზავრება და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის შემლახველ განცხადებებს აკეთებს.
შემაშფოთებელია, რომ ამას არაფერს უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც შექმნილ რთულ ვითარებაში თავად უნდა ცდილობდეს ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას, საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო პროტესტის ინიცირებასა და ორგანიზებას.
ხელისუფლების უმოქმედობა, ბუნდოვანი სტრატეგიული ხაზი, არათანმიმდევრული და არამკაფიო საგარეო პოლიტიკა, არაკომპეტენტურობა და არაკოორდინირებულობა საბოლოო ჯამში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ხელისუფლება, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები არც კი ჩადიან კონფლიქტის ზონაში, რათა გაამხნევონ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი მოქალაქეები, თავად ახდენს საკუთარი თავის დელეგიტიმაციას და დისკრედიტაციას.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ყველაზე უფრო ადექვატურად მოქმედებს მსგავს სიტუაციებში, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის დღის წესრიგში აქტუალურ თემად გაჩნდეს საქართველოს ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ამავდროულად, მოხდეს ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ აღვირახსნილ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რასაც რუსეთიდან დაფინანსებული მთელი რიგი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფები ეწევიან საქართველოში,"- ნათქვამია "ახალი მემარჯვენეების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






