„ახალი არც ბურჯანაძის ვიზიტშია რამე და არც მის საუბარში, ეს არის კოლაბორაციონისტული ძალა, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანა ჩააბაროს მტერს შესაბამისად მტერიც მის მიმართ, როგორც ფავორიტის მიმართ არის განწყობილი უკვე დიდი ხანია. თუნდაც მას შემდეგ, რაც მე ვიხილე პირადად შემოჭრილი ოკუპანტების ტანკებში და ბეტეერებში პროკლამაციები- „მიეცი ხმა ბურჯანაძეს“. საქართველოში ანტირუსული განწყობის შექმნაზე ყველაზე მეტად რუსეთი მუშაობდა, როდესაც ჯერ ემბარგო დაუწესა ქვეყანას და მერე ღია ინტერვენცია და ოკუპაცია განახორციელა ქვეყნის ნაწილის. ბურჯანაძის ქცევასა და საუბარში არაფერი ახალი და დასაფიქრებელი არაა. დასაფიქრებელი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისურვა სწორედ ბურჯანაძე მის ოპოზიციად და ღიად გამოთქვა სურვილი, რომ ბურჯანაძემ ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ოპოზიცია. ის ყველანაირად ხელს უწყობს ბურჯანაძის გაძლიერებას და მისი ამ ვიზიტებით ივანიშვილი ცდილობს მოსინჯოს, მისი მხრიდან რაიმე ტიპის დათმობების და მოლაპარაკებების შესაძლებლობების საფუძველი. ამ ეტაპზე სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.“- განაცხადა გივი თარგამაძემ.
გივი თარგამაძის თქმით კრემლის გააქტიურება მოახლოებულ არჩევნებთანაა დაკავშირებული და ამ პროცესში ივანიშვილის და კრემლის ინტერესები იკვეთება. ივანიშვილი კრემლის მეშვეობით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ამ პროცესში კრემლის ფავორიტს ბურჯანაძეს იყენებს.
„წინასაარჩევნოდ რუსული მხარის გააქტიურება უკვე ნათელი გახდა, ამას ჩვენ უკვე ვხედავთ სხვადასხვა სეგმენტში, ამის მაგალითია რადიკალური, მუდმივად პრორუსული ფსევდო-რელიგიური ძალების მხრიდან სხვადასხვა უმცირესობების მიმართ შეუმწყნარებლობის გამწვავება. კრემლის და ივანიშვილის ინტერესების გადაკვეთა ხელისუფლების შენარჩუნების სურვილში ხდება, ივანიშვილი მზად არის ხელისუფლება მტერთან გარიგების ხარჯზე შეინარჩუნოს. ჩვენ სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ, თორემ თავად ბურჯანაძეს, ინაშვილს და მსგავს პრორუსულ ძალებს საქართველოში არანაირი შანსი არ აქვთ და არ ექნებათ. მათ ივანიშვილი იყენებს თავისი პოლიტიკური თამაშისთვის.“- აღნიშნავს თარგამაძე.
გივი თარგამაძემ კომენტარი საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი ქავთარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო „ნატოს“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ უნდა ეხვეწოს.
„გოგი ქავთარაძის განცხადება, არის მესამე ფაქტი, რითიც ხდება ნიადაგის მოსინჯვა, ივანიშვილი ცდილობს ორივე მხარეს ასიამოვნოს, მაგრამ დასავლეთი ბრმა არ არის და რუსული მხარეც ამას ტანკით გადავლით „გვიფასებს“. მთავარი არა ქავთარაძის მიერ გამოთქმული აზრია, არამედ ის, რომ დღეს პარლამენტს პრაქტიკულად მართავს ერთმნიშვნელოვნად რუსებზე მომუშავე გია ვოლსკი, ეს არის ფაქტორი და არა ის რომ ქავთარაძე, ან სხვა მსხაიობი თუ მოჭიდავე გამოვა ამ განცხადებით.“- განაცხადა გივი თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






