ამის შესახებ ჩიტიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა ეს ადამიანები რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებდნენ.
„ეს პირველი ინციდენტი არ გახლავთ. შარშანაც მოხდა მსგავსი ინციდენტი. ამან იმ პერიოდში ურთიერთობა დაძაბა. სამწუხაროდ, ინციდენტი წელსაც განმეორდა. შესაძლოა საქართველოში რუსეთუმეებმა დაწვეს აზერბაიჯანის დროშა, რასაც აზერბაიჯანში შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. არ არის გამორიცხული ეს იყოს პროვოკაცია, რომელსაც პრორუსული ძალები აწყობენ. ეს ადამიანები ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ, ვისაც არ სურს საქართველოს და აზერბაიჯანის დაახლოება. მითუმეტეს, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მთავარი ინვესტორია ქართულ ეკონომიკაში. ვინც დაწვა დროშა ანტიეროვნული ძალების დაკვეთას ასრულებდა, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებენ“, - განაცხადა ჩიტიძემ.
შეგახსენებთ, რომ „გაბალას“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას სტადიონზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, რომლის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული, მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა - ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. შეხვედრის 78-ე წუთზე, ტრიბუნეზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა საქართველოს დროშა დაწვა.
ინციდენტით დასრულდა გუნდებს შორის 2 ივლისს თბილისში გამართული მატჩიც. ქართველი ფანების გარკვეულმა ჯგუფმა საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ გულშემატკივრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აზერბაიჯანელ ფანებს კლუბისა და სახელწიფო დროშები წაართვეს და დახიეს. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელიც მათი თქმით სტადიონზე იყო გამოფენილი „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი 1921“.
მასალის გამოყენების პირობები






