დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მერიამ მოაწესრიგა ბაღებში რეგისტრაციის პროცესი და სათანადოდ გამართა ტექნიკური საშუალებები.
"ჩვენ 3 000-ზე მეტი ადგილი საბავშვო ბაღებში უკვე გავაჩინეთ. ეს არის დამატებით გარემონტებული ფართები, ისევე როგორც საბავშვო ბაღების დაბრუნებული შენობები, რომლებიც ჩვენმა წინამორბედებმა ბაღებს ჩამოართვეს და თავიანთ პარტიულ ოფისებად ჰქონდათ გადაქცეული" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა, საიდანაც ერთი სექტემბერში გაიხსნება, დანარჩენები კი ეტაპობრივად შემოდგომაზე და მომავალი წლის გაზაფხულზე.
შეგახსენებთ, რომ ბაღებში რეგისტრაციის გასვლა დაახლოებით 1000-მდე ბავშვმა ვერ მოახერხა. მშობლების ნაწილი რეგისტრაციის დაწყებამდე შევსებულ ადგილებს ბაღების ადმინისტრაციის მხრიდან ნეპოტიზმის ფაქტებს უკავშირებს. მათი თქმით თავისუფალ ადგილებზე რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






