"ეს არის არაფორმალური მმართველობის გამოვლინება ადგილებზე. ამათ ჰგონიათ სუსი უკეთესად მართავს და გააკონტროლებს ვიდრე თავისუფალი ბაზარი. ესენი ხომ სოციალისტები არიან, ოღონდ ამჟამად ფარსის პერიოდში (პირველად, როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი). "უშიშროების" ხალხი, გამწესებული სხვადასხვა დაწესებულებებში, მახინჯი საბჭოური პრაქტიკაა. ეს პირდაპირი განაცხადია ევრაზიულ კავშირზე, ეს პირდაპირი გზაა რუსეთის თოვლიანი ტრამალებისკენ. ამ უმსგავსობის უკან "გულაგის" მავთულხლართები ილანდება. ვაჭარბებ? სულაც არა. მათი სურვილი და განზრახვა ესაა, ოღონდ საამისო რესურსი არ გააჩნიათ. რა პასუხი აქვს ამაზე გოგი ხელაძეს, საკრებულოსა და "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზააციის თავმჯდომარეს, ან ზაზა ურუშაძის კომენტარი სადაა, რას იმალება,ან "ევროპაზე ორიენტირებული რესპუბლიკელი" ბიწაძე რას გაჩუმებულა, ან ჩოხოსანი კონსერვატორები რატომ არ აპროტესტებენ "ტუჟურკიანი" ჩეკისტის თავზე წამოჯდომას?! თანამშრომლები? რა სასაცილოები არიან. ღობე-ყორეს ედებიან: არ ვიცი, არ დამინახავს, არ გამიგონია... ესენი ააშენებენ თავისუფალ ქვეყანას, ესენი დაიცავენ ადამიანის უფლებებს?! როდესაც ზაზა ურუშაძეს მაესტროს ჟურნალისტმა ჰკითხა თქვენი პირველი მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი, რა მოტივით გაათავისუფლეთო, პასუხი გაუჭირდა, ენა დაება, ტყუილების ოსტატი კია მაგრამ, სახელდახელოდ ვერაფერი მოიფიქრა და ასეთი სიბრიყვე დაახეთქა: "ახალი სიცოცხლე მინდა შემოვიტანო გამგეობაშიო" (აბა იმას ხომ არ იტყოდა, სუსმა დამავალა "თავისუფალი დემოკრატია" და გაათავისუფლეო). და აჰა, შემოიტანა კიდეც - ბოლშევიკური ოცნება"-აღნიშნავს ზენაიშვილი.
გამგეობის შენობაში სპეცსამსახურის წარმომადგენლის შესვლას ადასტურებს "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა: "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის პირველ სართულზე უკვე მეხუთე დღეა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის კაბინეტი ოფიციალურად სუსის თანამშრომელს აქვს დაკავებული,ამის თაობაზე თანამშრომლებმაც კი არაფერი იციან. მეც შემთხვევით გავიგე, გამგეობაში, თუმცა ვერ გეტყვით ვინ მითხრა" - გვპასუხობს ასკურავა.
თუ რომელი დეპარტამენტის წარმომადგენელია შესული ლანჩხუთის გამგეობაში და რას სწავლობს ადგილზე ასე საგანგებოდ გასაიდუმლოებული პირი, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ ლანჩხუთის ხელისუფლების წარმომადგენლები, უფრო მეტიც, ისინი უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას.
მათი მხრიდან ინფორმაციის უარყოფა კი იწვევს იმას, რომ უკვე ერთი კვირაა, კონკრეტულად ვერავინ გაერკვა, თუ რომელი დეპარტამენტის თანამშრომელი ზის გამგეობის პირველ სართულზე: ანტიკორუფციულის, ფინანსურის, თუ თავად სუსის.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






