იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თინა ბურჯალიანის განცხადებამ გააღიზიანა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა წინა მთავრობის დროს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ ახერხებს.
მისი თქმით, არც ბურჯალიანის და არც წინა ხელისუფლების სხვა წევრების განცხადება მისთვის საინტერესო არ არის.
„აქ არაფერი შუაშია არც შვეიცარია და არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ყოფილი ხელისუფლების წარომადგენლები ბევრს ლაპარაკობენ, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს, მათ შორის თინა ბურჯალიანი. მას ურჩევნია მიხედოს იმ ჰააგის დავას, რომელიც მან სამარცხვინოდ წააგო და საქართველოს დაუკარგა შანსი, რომ ცხინვალის რეგიონში ჩვენ ეთნიკური წმენდა დაგვედასტურებინა. ეს ის თინა ბურჯალიანია, რომელიც გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგში ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რა სიცოცხლის უფლების დარღვევას ნიშნავსო. ამიტომ მათი რჩევა ჩემთვის საინტერესო არ არის“, - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის თქმით, სტრასბურგში აღნიშნული საქმე წინა ხელისუფლებამ მოიგო, თუმცა დღევანდელი მთავრობას მის აღსრულებას ვერ ახერხებს.
„დიპლომატიური ურთიერთობის არქონა არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია შეუძლებელია. ოფიციალური კომუნიკაციის არხის საქართველოსა და რუსეთს შორის არის შვეიცარია. ამიტომ ეს არგუმენტი აბსურდია“, - ამბობს ბურჯალიანი.
მასალის გამოყენების პირობები






