როგორც ფანჯიკიძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მისთვის რუსეთის მიერ გადადგუმლი ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ კვლავ აგრესიულია. მისივე თქმით, გასაკვირია თუ როგორ მოხდა, რომ საქართველოს არ ჰქონდა ინფრომაცია, თუ რას გეგმავდა რუსეთი ამ მიმართულებით.
„ნამდვილად კარგია, რომ ხელისუფლებას უნდა კარგი ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. სწორედ კარგი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად შეიქმნა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელშიც უნდა განხილულიყო ისეთი საკითხები, რომელიც ვერ განიხილებოდა სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ჟენევის მოლაპარაკებები არის ერთადერთი ფომრატი, სადაც ვლაპარაკობთ რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ.
ჩვენ აბაშიძისგან სისტემატიურად გვესმოდა, რომ ამ მიართულებითაც მიმდინარეობდა მსჯელობა და გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა. ახლა კი, იმის მაგივრად, რომ ვხედავდეთ პროგრესს აღმოჩნდა, რომ ის ხელშეკრულებაც კი გააუქმეს, რომელიც 1996 წელს იყო დადებული და რომელიც უზრუნველყოფდა სამართლებრივ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან.
ჩემთვის ეს ქმედება რუსეთის მხრიდან გასაკვირი არ არის, მაგრამ მე ვარ გაოცებული იმით, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრების შემდეგ, ჩვენ არ გვქონია წინასწარი სიგნალები იმის თაობაზე, რომ რუსეთი ასეთ რამეს აპირებდა. რეალურად შეიძლება ამ ხელშეკრეულების გაწყვეტამ არც არაფერი შეცვალოს, რადგან მაინც ვერ ხერხდებოდა რუსეთთან გარკვეულ სფეროებში ურთიერთობის დალაგება, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთის პოლიტიკა არის საქართველოს მიმართ აგრესიული და საქართველოს მირ გადადგმულმა კეთილმა ნაბიჯებმა შესაბამისი გავლენა რუსეთის დამოკიდებულებაზე ვერ მოახდინა“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასამართლებული პირების გადმოცემასთან დაკავშირებით საქართველოსთან შეთანხმების გაწყვეტა დღეს დაამტკიცა.
მასალის გამოყენების პირობები






