ირაკლი კობიძე - ყოფილი პრეზიდენტის ქონების დაყადაღება უკანონოა
პოლიტიკა - 15:37, 03 Jul, 2015     1554

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის 01 ოქტომბრის #13588 რეზოლუცია - ,,საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება“

პარაგრაფი 5.5 ,, გამოხატავს წუხილს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მათი ოჯახის წევრების მიმართ ქონების დაყადაღების განვრცობით გამოყენებასთან დაკავშირებით, როდესაც მათი ქონების უკანონო წარმომავლობა არ დასტურდება.“

ერთ–ერთ გახმაურებულ საქმეზე, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მთლიანად დააყადაღა როგორც თვით ბრალდებულის, ასევე მისი ახლო ნათესავების საკუთრებაში არსებული ქონება და საბანკო ანგარიშები და შესაბამისად მათ შეუზღუდა საკუთრების კონსტიტუციური უფლება.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

– გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, მოსამართლე აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ,,ასაბუთებენ ქონებაზე ყადაღის დადების აუცილებლობას, რადგან არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ბრალდებული გაასხვისებს ან სხვაგვარად გადამალავს მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, ასევე გადამალავს მის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს.“

მოსამართლის ეს მსჯელობა მცდარია, ვინაიდან მტკიცებულებები, რომელზედაც იგი აპელირებს, საერთოდ არ მიუთითებენ ქონების გადამალვასთან დაკავშირებულ ბრალდებულის ქმედებასა თუ მცდელობაზე. ეს არის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც პროკურატურამ პირს წარუდგინა ბრალდება და არა მონაცემები, რომელიც განაპირობებენ ქონებაზე ყადაღის დადებას.

,,ქონებრივი პასუხისმგებლობის“ ქვეშ სისხლისსამართალწარმოებაში იგულისხმება ქონების ჩამორთმევა, როგორც სასჯელის სახე. სისხლის სამართლის კოდექსის 52–ე მუხლის შესაბამისად ,,ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.“
ჩვენს მიერ მოყვანილი საქმის მიხედვით კი ყოფილი პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ წარდგენილი ბრალდება (რამდენად დასაბუთებულია ეს სხვა საკითხია!) საერთოდ არ ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებას და შესაბამისად თეორიულადაც გამორიცხულია, რომ მათ სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა დაენიშნოთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლის მითითება ბრალდებულის მიზანზე თავიდან აირიდოს მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობა, არაადეკვატურია.

– სასამართლოს თავისი გადაწყვეტილების ერთ–ერთ არგუმენტად მოჰყავს საკანონმდებლო დებულება: ,,...თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.“

სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის არგუმენტად მოყვანა უადგილოა, ვინაიდან იგი გულისხმობს თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მიმდინარე ღონისძიებების შეჩერებას.

მოცემულ საქმეზე კი ბრალდებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2013 წლის ნოემბერში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის თებერვალში. ქმედებებს, რომელთა ჩადენაშიც მათ ბრალს სდებენ, საქმის მასალების მიხედვით ადგილი ჰქონდა 2009–2013 წლებში და არ არის დაკავშირებული დღესდღეობით რაიმე ვალდებულებების შესრულებასთნ თუ სხვა ტიპის მიმდინარე ღონისძიებებთან.

ასევე სრულიად უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ახლო ნათესავების, როგორც მასთან დაკავშირებული პირების, საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

– საქმის მასალებში არ მოიპოვება არავითარი ცნობა, როგორც ბრალდებულის, ასევე მისი ახლო ნათესავების მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შესაძლო განკარგვისა თუ გადამალვის თაობაზე;
– ,,დაკავშირებული პირის“ ცნებას განსაზღვრავს კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, რომლის თანახმადაც რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის ან ქურდული სამყაროს წევრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრი.

ეს კი ნიშნავს, რომ ბრალდებულის გარემოცვის წევრთა ქონების დაყადაღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მას ბრალად ედება რეკეტი ან ქურდული სამყაროს წევრობა და არა სხვა ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა, როგორც ეს არასწორად მიიჩნია ჩვენს მიერ მოყვანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ.

ამგვარი განვრცობითი განმარტება დაუშვებელია, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

საერთაშორისო სტანდარტები ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით:

საქმეზე Raimondo vs. Italy 12954/87, 24.02. 1994, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქონებაზე ყადაღის დადება არ გამოიწვევს პირველი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება უკანონო საქმიანობის შედეგადაა მოპოვებული და დაკავშირებულია განსაკუთრებით მძიმე და საზოგადოებრივად საშიში დანაშაულის ჩადენასთან - ,,... ჩამორთმევა დროებითი ღონისძიებაა და უზრუნველყოფს იმას, რომ საკუთრება, რომელიც შესაძლოა იყოს პროდუქტი უკანონო საქმიანობისა - საზოგადოებას ზიანი რომ მიაყენა - საჭიროებისას შეიძლება დაექვემდებაროს კონფისკაციას. შესაბამისად თვით ეს ღონისძიება გამართლებული იყო საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ისეთი განსაკუთრებით საშიში ეკონომიკური ძალაუფლების ორგანიზაციის მიმართ, როგორიცაა მაფია, არ შეიძლება ითქვას, რომ სამართალწარმოების ამ ეტაპზე ეს ღონისძიება არ იყო დასახული მიზნის პროპორციული. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით არ დარღვეულა პირველი ოქმის პირველი მუხლი...“

დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ 2005 წლის 16 მაისის ევროპის საბჭოს კონვენცია:
- პრეამბულა ადგენს, რომ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც მზარდი საერთაშორისო პრობლემა, საჭიროებს ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიც არის დამნაშავეებისათვის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების და დანაშაულის ჩადენის საშუალებების ჩამორთმევა;
- კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, შემოსავალი ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულიდან პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოშობილ ან მიღებულ ნებისმიერ ეკონომიკურ სარგებელს. იგი შეიძლება შედგებოდეს ნებისმიერი ტიპის ქონებისაგან;
- ზოგადად, კონვენცია ქონების მიმართ დაყადაღებისა და სხვა საკუთრების უფლების განხორციელების შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას უშვებს ისეთი დანაშაულების მიმართ (კონვენციის დანართი), როგორიცაა: დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობა და რეკეტში მონაწილეობა; ტერორიზმი, ტერორიზმის დაფინანსების ჩათვლით; ადამიანებით ვაჭრობა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა; სექსულაური ექსპლოატაცია, ბავშვების ექსპლოატაციის ჩათვლით; ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული ნივთოერებებით უკანონო ვაჭრობა; იარაღით უკანონო ვაჭრობა; მოპარული და სხვა საქონლით უკანონო ვაჭრობა; კორუფცია და მექრთამეობა; თაღლითობა; ვალუტის გაყალბება; პროდუქციის გაყალბება და კონტრაფიქცია; ეკოლოგიური დანაშაული; მკვლელობა და სხეულის მძიმე დაზიანება; მოტაცება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მძევლად ხელში ჩაგდება; ყაჩაღობა და ქურდობა; კონტრაბანდა; გამოძალვა; გაყალბება; მეკობრეობა, და ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციები და ვაჭრობის მანიპულაცია.

ამრიგად, ჩვენს მიერ მოყვანილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის უპრეცედენტო განჩინება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42