"რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ კადრებთან დაკავშირებით, ,,რეფორმატორთა კლუბი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ტელეკომპანია ,,რუსთავი 2" ის ეთერში გავიდა კადრები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ძალადობენ პოლიციის განყოფილებაში დაკავებულ პირებზე.
მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი სახის ინფორმაცია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ ავალდებულებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
მაშინ, როდესაც გავრცელებული ინფორმაცია უკავშირდება პოლიციელების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენას, ეფექტური და ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია:
1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ჩვენებებში ამხელენ დაზარალებულად ცნობილი პირები.
2. გამოძიება უნდა აწარმოოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელმა ორგანომ, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მიკერძოება დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პოლიციელების მიმართ.
3. გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ რეგულარულად წარუდგინოს საზოგადოებას ანგარიში გამოძიების შედეგების შესახებ.
,,რეფორმატორთა კლუბი"
მასალის გამოყენების პირობები






