„რუსეთი დე ფაქტო დიდი ხანია გასულია საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდან, ახლა კი დე იურეც გადის. რუსეთი ტყუილად არაფერს აკეთებს, ბოლო პერიოდში მისი საგარეო პოლიტიკა პრაგმატულ ნაბიჯებზეა ორიენტირებული, რომელიც მიზნად იმპერიის აღდგენას ისახავს. ექსტრადაციის შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნა, ჯდება იმ მოვლენების კონტექსტში, რაც ბოლო პერიოდში ხდება. მაგალითად რუსეთის პროკურატურა ახლა იძიებს რამდენად სამართლებრივად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა. რუსეთი ასეთი აბსურდული ნაბიჯებით ცდილობს იმპერიის აღდგენას, ეს რაც შეეხებოდა პოლიტიკურ ნაწილს. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ხელისუფლების ბევრი წევრი ადეკვატურად ვერ აფასებს ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლის სახიფათო ტენდენციებს. გასაგებია, რომ რუსეთი ისედაც არ თანამშრომლობდა საქართველოსთან იმ ტერორისტების გადმოცემის კუთხით, რომლებიც თავს აფარებენ რუსეთს. ამ კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამოსვლის მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არის განპირობებული უკრაინის რადის დეპუტატის, სამხედრო ნადია სავჩენკოს ფაქტორით, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან იქნა გატაცებული და ახლა მას ასამართლებენ რუსეთში. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ რუსეთი აპირებს მოახდინოს გატაცებები ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით დარტყმის ქვეშ დადგება ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ და განსაკუთრებით საშიშროების ქვეშ დგება საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში ომობენ. რუსეთი ამ ქმედებით ამბობს, რომ მე გავასამართლებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩემ ტერიტორიაზე და ციხეში ჩაჯდებიან რუსეთში. ამ მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების არანაირი მექანიზმი აღარ იარსებებს. საქართველოს მთავრობამ, რომელიც მოვიდა ლოზუნგით, რომ რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს, პასუხი უნდა გასცეს საქართველოს მოსახლეობას, რა იგულისხმება ურთიერთობის დალაგებაში, როდესაც ყველა ოფიცერი და ჯარისკაცი, რომელიც 2008 წელს ომობდა, ექცევა დარტყმის ქვეშ, ისევე როგორც სავჩენკო მოექცა დარტყმის ქვეშ უკრაინაში.“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






