საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში საკონსულო მომსახურების მიღება ათენსა და სალონიკში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უფასოდ შეეძლებათ.
საუბარია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღებაზე, სანოტარო აქტზე, სხვადასხვა ცნობებსა და საკონსულო ლეგალიზაციის დოკუმენტაციაზე.
"საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური ვითარების გამო, ითვალისწინებს რა იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ შემდეგი სახის საკონსულო მომსახურებები: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება; სანოტარო აქტი - მინდობილობის დამოწმება (საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმის წარმოების შესახებ); სანოტარო აქტი - ხელმოწერის დამოწმება (თანხმობა არასრულწლოვანი პირების მგზავრობის შესახებ, სახელის დარქმევის შესახებ); სხვადასხვა სახის ცნობები (ე.წ. ოჯახური შემადგენლობის შესახებ, იდენტურობის შესახებ); საკონსულო ლეგალიზაცია - დაბადების მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






