დედაქალაქის მთავრობაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საკითხს განიხილავენ.
დავით ნარმანიას თქმით, სხვადასხვა კომპანიებისგან შემოწირული თანხა ძირითადად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხს მოხმარდება.
„წესის თანახმად, გამოიყო ორი კატეგორია: პირველს მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთა სახლები ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ასეთი კატეგორიის ოჯახებისათვის ფულადი კომპენსაცია ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით გაიცემა. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, მას მიეკუთვნება ის ოჯახები, რომელთაც საცხოვრებლები შეკეთებას ექვემდებარება. აღნიშნული წესის თანახმად, ამ სახლების ფართის რემონტი გამგეობებმა უნდა უზრუნველყონ. გარდა ამისა, ასეთ ოჯახებს ასევე გადაეცემათ აუცილებელი საოჯახო ნივთების პაკეტი“, - განაცხადა ნარმანიამ.
სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები






