დიმიტრი შაშკინის თქმით, ის, რომ დღეს საბერძნეთი დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას, განპირობებულია არასწორი მემარცხენე პოლიტიკით, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა ატარებდა. დიმიტრი შაშკინი არ გამორიცხავს, რომ საბერძნეთში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ შესაძლოა საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენოს.
„საბერეძნეთი არის დეფოლტის ზღვარზე და სიტუაცია ამ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე. ეს ყველაფერი არის განპირობებული იმ არასწორი პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებდნენ ამ ქვეყანაში მემარცხენე ძალები. საბერძნეთის კრიზისი ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამი ფაქტორის გამო.
პირველი ფაქტორი არის ის, რომ საბერძნეთი არის ჩვენს მიმართ კეთილად განწყობილი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს საბერძნეთში და ბუნებრივია, რომ ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ამ ქვეყანას.
მეორე ფაქტორი არის ის, რომ საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის არის ძალიან მძიმე მაგალითი, თუ საით შეიძლება წაიყვანონ ქვეყანა მემარცხენე ძალებმა. მარგარეტ ტეტჩერს ეკუთვნის სიტყვები: „სოციალისტები ძალიან კარგად ხარჯავენ სხვის ფულს“ - ზუსტად ეს მოხდა საბერძნეთში. რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანა ცხოვრობდა თითქმის კომუნიზმში, სადაც ხელფასები და პენსიები იყო უფრო დიდი, ვიდრე ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის გერმანია. ქვეყანა გადავიდა მთლიანად სოციალისტურ რელსებზე. ხორციელდებოდა უამრავი სოციალური პროგრამა და ბუნებრივი ხალხი იყო ამით კმაყოფილი. ამ კეთილდღეობამ გაძლო სულ რამდენიმე წელი, შემდეგ გაირკვა, რომ ყველაფერი უფასო ვერ იქნება და ფული დამთავრდა. რესურსების ამოწურვის შემდეგ საბრეძნეთი დადგა კრახის და დეფოლტის საფრთხის წინაშე. დღეს საბერძნეთში დაიკეტა ბანკები და ერთ პირს აძლეენ მხოლოდ 60 ევროს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ საით შეიძლება წაიყვანოს ქვეყანა არასწორმა მემარცხენე პოლიტიკამ, როდესაც ერთი მხრივ ყევლა ცხოვრობს კომუნიზმში, მაგრამ მერე ყველაფერი როგორც საპნის ბუშტი სკდება და ხალხი ვარდება ბევრად მძიმე მდგომარეობაში.
მესამე ფაქტორი არის ის, რომ საბერძნეთის კრიზისი გავლნას მოახდენს ჩვენზეც და ჩვენი მთავრობა ამისთვის უნდა იყოს მზად. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამ ქვეყანაში ცხოვრობს და მუშაობს. თუ თქვენ გადახედავთ გადარიცხვების სტატისტიკას მეორე ადგილზე არის საბერძნეთი, ანუ ამ ქვეყნიდან საქართველოში ირიცხებოდა დიდი რაოენობით თანხა. ბუნებრივია, რომ საბანკო კოლაფსის პირობებში ეს გადარიცხვები ძალიან შემცირდება ან გახდება საერთოდ შეუძლებელი, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე და ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის ხელისუფლებამ საგარეო ვალის გადახდასთან დაკავშირებით კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი უარს აცხადებს კრედიტორების მოთხოვნების, კერძოდ, გარკვეული რეფორმების გატარებაზე და მას ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს. ციპრასმა, აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა. დღეს კი, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხურა. თუ საბერძნეთმა უახლოეს მომავალში აღნიშნული პრობლემა ვერ მოაგვარა, მას დეფოლტი , ან უფრო მეტი, ევროზონიდან გარიცხვა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






