„თავისუფალ დემოკრატებში“ პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ალასანიამ მას მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზება და საქმის "დალაგება" სთხოვა.
როგორც „ნიუპოსტს“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, მას შემდეგ რაც თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს, ირაკლი ღარიბაშვილი თავად იყო მოწადინებული, რომ გიორგი ბადაშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის შეხვედრა შემდგარიყო.
„ირაკლი ალასანია საქმეების დალაგებას არავის არ სთხოვს. ეს სხვა ყაიდის ადამიანების საქმეა და ალბათ ღარიბაშვილია მიჩვეული საქმეების დალაგებას. რაც შეეხება პროკურორთან დალაგებას, ჩვენ საქმეებს არ ვალაგებთ, ღარიბაშვილს და მისი ნათესავებისგან განსხვავებით. უბრალოდ პრემიერი იყო პრემიერი და როდესაც გავიგეთ, რომ ასეთი გამოძიება დაიწყო, ალასანიამ უთხრა, რომ გაგვერკვია რაში იყო საქმე, რომ თავდაცვის უწყებას ზიანი არ მიყენებოდა და რომ ეს საქმე გაერკვიათ მანამ, სანამ აურზაური მოყვებოდა ამას. პრემიერმა თქვა, რომ მე ვარ მოწადინებული ასეთი შეხვედრის და მოვაწყოთ ეს შეხვედრაო. შემდეგ რამდენჯერმე მოიბოდიშა, რომ ვერ მოვახერხე ეს შეხვედრაო. ამის შემდეგ ალასანია წავიდა საფრანგეთში და მისი უწყების წარმომადგენლები დემონსტრაციულად დააპატიმრეს. როგორ შეიძლებოდა მას სიმართლის გარკვევა სდომებოდა, როდესაც ის თვითონ იყო ამ დაკვეთის ინიციატორი“, - განაცხადა გოგუაძემ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ალასანია მინისტრობის დროს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას აპირებდა, გოგუაძე ადასტურებს.
„დიახ აპირებდა. რომელმა მინისტრმა დატოვა პარტიის თავმდჯომარება. ერთადერთი ალასანია იყო. ჩვენ ვთხოვეთ ალასანიას, რომ დაბრუნებულიყო, რადგან მისი ლიდერობა მნიშვნელოვანი იყო პარტიისთვის. მითუმეტეს კანონი ამას არ კრძალავდა“, - აცხადებს გოგუაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ალასანია ე.წ „კაბელების“ საქმესთან დაკავშირებით დემაგოგიას ეწევა.
"ალასანია კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობსო. მთხოვა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარე და იქნებ, "დავლაგდეთო", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






