მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჰენრი კერალი იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
ამის შესახებ კერალმა ჟურნალისტებთან საუბრიას განაცხადა.
„ჩვენ გავაგზავნეთ ერთობლივი წერილი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. წერილში საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. თუ კანონში უნდა განხორციელდეს ცვლილება უნდა იყოს შენარჩუნებული ზედამხედველობის კომისიის დამოუკიდებლობა. საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ამ დოკუმენტში საუბარია ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. ჩვენ, ასევე ევროკავშირი მზად ვართ საპარლამენტო კომიტეტებთან შესაბამისი კონსულტაციები გავმართოთ. ვიმედოვნებთ ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს“, - აღნიშნა კერალმა.
მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, და აზიის განვითარების ბანკმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნეს. ცნობილია, რომ წერილის შინაარსი საკმაოდ კრიტიკულია.
საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან.
მასალის გამოყენების პირობები






