ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიღებით ასოცირების დღის წესრიგი დაირღვა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სები-დან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
„მეგობრები ხანდახან ბრაზდებიან ხოლმე, როდესაც რაღაცას გირჩევენ და შენ არ ითვალისწინებ. მეტიც, აკეთებ საპირისპიროს. სამწუხაროა, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა აღნიშნული კანონპროექტი. სიმბოლურიცაა, რომ ასოცირების დღის წესრიგი ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე დავარღვიეთ. ამის შესახებ საუბრობს ოთხი ორგანიზაციაც, რომლებმაც გუშინ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად მიმართა", - განაცხადა აბაშიშვილმა.
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საუბარია საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს შემოღებაზე, რომელსაც შვიდ კაციანი საბჭო ეყოლება.
ცნობილია , რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია. მათი თქმით, კანონპროექტი ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან კრიტიკული წერილი მიიღო პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






