როგორც "სამოქალაქო ალიანსი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა 13 ივნისს განვითარებული სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგები დამძიმდა თბილისის მერის უმოქმედობითა და უუნარობით - არ მოხდა მოსახლეობის დროული შეტყობინება საგანგებო მდგომარების შესახებ, არ გადაიკეტა სტიქიის ზონისკენ მიმავალი გზები, დროულად არ იქნა გაგზავნილი მაშველები და არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია სტიქიის ზონიდან მიუხედავად გარემოს დაცვის სააგენტოს ოფიციალური გაფრთხილებისა ამინდის მოსალოდნელი გაურესების შესახებ.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ "...აშკარად იკვეთება თბილისის მერის დავით ნარმანიასა და სხვა თანამდებობის პირთა დანაშაულებრივი სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია.“
პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ პროკურატურამ სასწრაფოდ შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლის სამართლის საქმე აღძრას ქ.თბილისის მერისა და იმ პირთა წინააღმდეგ, რომელთა პასუხისმგებლო-ბაც გამოიკვეთება გამოძიების მსვლელობისას.
მეტი საჯაროობისაკენ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გოჩა ჯოჯუა და მისგან მოითხოვს გამოქვეყნდეს 13 ივნისის ტრაგედიის გარემოებებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სია და სტატუსი.
,,ბატონის ნარმანიას საქმიანობამ მერის პოსტზე თბილისელი ამომრჩევლების აშკარა იმედგაცრუება გამოიწვია, ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებს დასრულდება გამოძიება, მოვუწოდებთ მას აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ტრაგიკულ მოვლენებზე და დატოვოს დაკავებული თანამდებობა“ - აცხადებს ჯოჯუა.
მასალის გამოყენების პირობები






