„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას ეხმაურება და მას საგანგაშოს უწოდებს.
როგორც პეტრიაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, თუ ხელისუფლება აღნიშნული დასკვნის შემდეგ ქმედით გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, მომავალში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს მიმართ შენიშვნები უფრო მძაფრი იქნება.
„სახელმწიფოსთვის არის ძალიან საგანგაშო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში წერია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ და ამ დევნის ნაწილია ე.წ. კაბელების საქმე. იქ სხვა საქმეებიც არის მოყვანილი. ასევე აღნიშნულია რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირება ვერ მოხდა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. კაბელების საქმე გახდა საფუძველი იმისა, რომ ალასანიას წინააღმდეგ გაჩაღებული პოლიტიკური ბრძოლა მისი გათავისუფლებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასკვნაში ფიგურირებს ფარცხალაძის გვარი, მართალია სხვა საქმეზე, მაგრამ ის ფიგურირებს როგორც ზეწოლის განმხორციელებელი. ფარცხალაძე არის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი, ამიტომ ძალიან ყურადსაღებია ეს ფაქტი. ხელისუფლებამ სწრაფად უნდა მიიღოს ქმედითი გადაწყვეტილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დასკვნები სულ უფრო მძაფრი და მწვავე იქნება საქართველოს მიმართ გაკეთებული შენიშვნებით“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, საუბარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეცაა.
ანგარიშის მიხედვით საქართველოში გასული წლის განმავლობში ადამიანის უფლებების მხრივ ყველაზე სერიოზული პრობლემები ოჯახური და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, უმცირესობების მიმართ საზოგადოებრივი არატოლერანტობის ზრდა და სიძულვილის ენა და სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები იყო, რაც დაუსრულებელ გამოძიებებს და შეუფერებელ წინასწარ დაკავებებს გულისხმობს. ანგარიშში საუბარია ე.წ. კაბელების საქმეზეც.
მასალის გამოყენების პირობები






