სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრაამიანმა განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს ელ.ენერგიის ტარიფის პოლიტიკის გადახედვას და არ შეცვლის ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა, დაბალშემოსავლიან ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. პრემიერის თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად კი ეროვნული ვალუტის თითქმის 20%-ით გაუფასურებას ასახელებს.
შეგახსენებთ, სომხეთის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.
ცნობილია, რომ სომხეთმა ხელი მოაწერა ევრაზიულ კავშირში შესვლას. სომეხეთის მოსახლეობა მთავრობამ ევრაზიული კავშირის უპირატესობაში დაარწმუნა. სომხეთის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაზე შეაჩერა, რის გამოც ქვეყანას გარკვეულ დამოთბებზე წასვლაც მოუწია, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის ნაწილობრივ სკუთარი სუვერენიტეტისაც. ევრაზიული კავშირის წესდების თანახმად, სადაც დომინანტი რუსეთია, წევრი სახელმწიფო ვერ აწარმოებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას.
ერევანში მომიტინგეები ევროკავშირის დროშებით გამოჩნდნენ და ისინი კრემლის პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდნენ. სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სომეხმა მომიტინგეებმა ერთ-ერთი რუსული ტელეარხის ჟურნალისტის ჩართვის პიკეტირება მოახდინეს.
რა სარგებელი ნახა სომხეთმა ევრაზიულ კავშირში და მოუწევს თუ არა სომხეთის მთავრობას გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ,,ნიუპოსტი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც საქართველოში არსებულ რიგ პოლიტიკურ ძალებს სომხეთის მოვლენების კარგად გაანალიზებას ურჩევს.
_ჩვენი მთავრობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და არ უნდა გააკეთოს მიუზომელი და გაუთვლელი განცხადებები. სომხეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ბუნებრივია ნებისმიერი პრობლემები, რომელიც იქნება სომხეთში, ზეგავლენას ახდენს რეგიონზე. სიტუცია იქ არის დაძაბული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ დაიკავოს ზომიერი პოზიცია.
ამავდროულად მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან დეტალს და გავაკეთო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პარალელი. ყველას კარგად გვახსოვს, დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო უცებ საუბარი ევრაზიულ კავშირზე. რუსული ტრიკოლორის მოტრფიალე ადამაინებმა დაიწყეს საუბარი, რომ ეს არის საქართველოს გადარჩენა. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა მაშინ ვერ გადადგამდა ნაბიჯებს ევრაზიული კავშირისკენ, რადგან საზოგადოების აზრი არის მკვეთრად ნეგატიური და ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არის ნატო და ევროკავშირი. თუმცა მიუხედავად ამისა, ადამიანები, რომლებიც აფიქსირებენ პოზიციას, რომ ჩვენ ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეთ, ისინი იყვნენ, არიან და საუბედუროდ იქნება, მათ შორის პარლამენტსა და მთავრობაში.
მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ სომხეთმა მიიღო გდაწყვეტილება და თავისი მომავალი დააკავშირა რუსეთთან - ის შევიდა ევრაზიულ კავშირში. მინდა კარგად დაფიქრდნენ საქართველოში მცხოვრები ადამიანები, რა მოუვიდა სომხეთს ამის შემდეგ - შეექმნათ სერიოზული პრობლემები ეკონომიკური კუთხით, ბუნებრივია ამ ქვეყნის ვალუტაც განიცდის დევალვაციას, მაგრამ ეს რეგიონის პრობელმაა და ამიტომ ვერ დავუკავშირებთ ამას. მაგრამ რატომ არის ხალხი სომხეთში გარეთ გამოსული? არის იმიტომ, რომ გაძვირდა ტარიფები, კილოვატ საათი გახდა 10 ცენტი, ჩვენთვის ეს იქნებოდა 22,5 თეთრი, ლარებში რომ გადავიყვანოთ. ეს ხდება იმ პირობებში, როცა სომხეთის ენერგოსისტემა მთალიანად არის რუსეთის ხელში.
_სომხეთის მთავრობა ტარიფების ზრდას ობიექტური მიზეზებით ხსნის, მათ შორის ეროვნული ვალუტის დევალვაციით.
_სომხეთის მთავრობის დღევანდელი მესიჯი არის ლოგიკური, ის ამბობს, რომ მე გავაძვირე ტარიფები იმის გამო, რომ დევალვაცია განიცადა ეროვნულმა ვალუტამ, რადგან ეკონომიკაში მაქვს პრობლემები და იმის გამო, რომ ატომური სადგური ითიშება და კომპენსაცია მისი ხდება თბოელექტროსადგურების მიერ. ეს არის ლოგიკური მესიჯები და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ეკონომისტი ამას გაიგებდა, მაგრამ ის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში, საუბრობს იმაზე, რომ რუსებმა, რომლებიც არიან ენერგო მართვაში, ქრთამებით და კორუფციით სავსე ხალხი, რატომ მიიყვანეს ენერგოსისტემა იქამდე, რომ ითიშება ატომური სადგური და უწევთ უფრო ძვირი დენის შესყიდვა, რომელიც არის გამომუშავებული თბოელექტროსადგურების მიერ და რომელიც არის 6-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ატომურიელექტროსადგურის დენი. ამას აპროტეტებს ეს ხალხი.
როგორც სჩანს საქართველოშიც გარდაუვალი იქნება ტარიფის გაძვირება. მოსახლეობას ესმის რომ თუ არის სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, დენის გაძვირება გარდაუვალია, მაგრამ ის, რაც არ ესმის მოსახლეობას არც სომხეთში და არც საქართველოში და არცერთ ქვეყანაში, არის ის, რომ როცა საუბრობ ეკონომიკურ პრობლემებზე, ის რუსული მავნებლობა, რომელიც არის სომხეთში, რატომ არ არის აღმოფხვრილი?! ეს მავნებლობა არის მოტანილი ევრაზიული კავშირით.
_აქციაზე ჩვენ ვნახეთ ხალხი ევროკავშირის დროშებით. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს სცდება უკვე დენის ტარიფების თემას?
_ცხადია, ხალხმა მიიღო სუვერენული გადაწყვეტულება და საკუთარი არჩევანი დაუკავშირა ევრაზიულ კავშირს. არსებობს მეორე პრობლემა, ხალხს დაუსაბუთეს, რომ ევრაზიულ კავშირში ვიქნებით უკეთესად, მაგრამ უკეთესობის ნაცვლად მიიღეს პრობლემები ეკონომიკაში, დევალვაცია ეროვნული ვალიუტის და ენერგოტარიფების გაძვირება. ვიმეორებ, სომხეთის მთავრობის პოზიცია არის ლოგიკური და ასეც ჩაითვლებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ენერგოსისტემა არის მთლიანად რუსების ხელში. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ თუ ჩვენ დავთმეთ რაღაცეები, მათ შორის ნაწილი სუვერენიტეტის, რომ ევრაზიულ კავშირში შევსულიყავით, დავთმეთ ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირთან, მაშინ რატომ გვძირავს რუსეთი? ესაა ამ ხალხის პათოსი.
_სადამდე შეიძლება მივიდეს მოვლენები?
_პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, აქ ბევრია დამოკიდებული მთავრობის მუშაობაზე. მთავრობას მოუწევს გამოსავლის მოძებნა, სხვა სიტუაცია გარდაუვალია. მოთხოვნა არის აბსოლუტურად სოციალური.
_თუმცა მთავრობა ამბობს, რომ დათმობაზე არ მიდის.
_რაღაც დროის შემდეგ ნებისმიერ მთავრობას უწევს დათმობაზე წასვლა. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და როცა ხალხი არის უკმაყოფილო და გამოდის ქუჩაში, ბუნებრივია, მთავრობასაც უწევს მანევრირება და გადაწყვეტილებების კორექტირება, ამაში არაფერი არ არის ცუდი და ექსტრაორდინალური, ეს ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ რაც ეხლა ხდება სომხეთში, მუდმივად თავში უნდა ვუკაკუნოთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში დარბოდნენ და გაიძახოდნენ, რომ ევრაზიული კავშირი არის თურმე ჩვენი გამოსავალი, ასეთები პარლამენტშიც სხედან, რომლებიც აქ ზღაპრებს გვიყვებიან, დღეს ისინი უნდა ჩასვა ავტობუსში, სომხეთში წაიყვანო და იმ ადამიანებს დაალაპარაკო ჩვეულებრივ მოქალაქეებს, როგორ მოატყუა ისინი რუსეთმა. 10 ცენტი გახადე დენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიაზეც დგას ატომური სადგური.
მე ვუთანაგრძნობ ამ ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების გამო, მაგრამ სომხეთი არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ რა არის რუსეთის პოლიტიკა - მათ დაათმობინეს ძალიან ბევრი რამ, რის სანაცვლოდაც მიიღეს ნული. როცა აპელირებენ საქართველოშიც, რომ მოდი ვიმეგობროთ რუსეთთან და ხელს გამოგვიწოდებს, ხელი კი არ გაუწოდეს სომხეთს, პირიქით - წიხლი ჰკრეს.
მასალის გამოყენების პირობები






