საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის თქმით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანნპროექტის მიღებით, პირველ რიგში მეანაბრეები იქნებიან დაცულები.
ამის შესახებ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახური არსად არ მიდის და ისევ მის გამგებლობაში რჩება, მისი კონტროლქვემდებარეა. ასე ბევრ სხვა ქვეყანაშია. საკმაოდ დიდი გამოცდილება არსებობს. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები არა მარტო კომერციული ბანკების გარკვეულ წარმომადგენლებთან, არამედ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან და მათგან გარკვეული შენიშვნები არის შემოსული. საბოლოოდ მივიღებთ ისეთ კანონს, რომლითაც დაცული იქნებიან მეანაბრეები“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა იწყება. დეპუტატები აღნიშნულ კანონპროექტზე 15:00 საათზე რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.
კანონპროექტი, რომლის ავტორები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან, ითვალისწინებს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას და მის ცალკე სამსახურად ჩამოყალიბებას.
მასალის გამოყენების პირობები






