საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე სტიქიის მეორე დღეს დასასვენებლად ნიაგარას ჩანჩქერზე წავიდა.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩისა და საელჩოს დღის წესრიგს სტიქიის დღეებში, გაცნობებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ 2015 წლის 14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი შვებულებაში გაემგზავრა სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ბ-ნ არჩილ გეგეშიძე სტიქიის დღეებში იმყოფებოდა ვაშინგტონში და ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობებს. კერძოდ, სტიქიის პირველივე დღეებში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით; ეროვნული გლოვის დღეს - 15 ივნისს, ამერიკაში საქართველოს საელჩომ გაატარა შესაბამისი პროცედურები და იღებდა თანაგრძნობისა და თანადგომის წერილებს. 14 ივნისს ელჩმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში გახსნილი სპეციალური ანგარიშის თაობაზე, სადაც შესაძლებელი იყოს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მობილიზება. ხოლო 15 და 16 ივნისს მან შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესში, ასევე, 16 ივნისს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა USAID-ში სტიქიის თაობაზე ორგანიზაციის ინფორმირებისა და მათი მხრიდან შესაძლო დახმარების მობილიზების მიზნით, სწორედ ამ შეხვედრის შედეგად საქართველოში მივლინებული იქნა USAID სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც პირველადი კონსულტაციები გამართა ქართულ მხარესთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო განაგრძობს საქმიანობას თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სარეაბილიტაციო პროცესში ამერიკელი პარტნიორების დახმარების მობილიზების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გეგეშიძის შვებულებასთან დაკავშირებით განცხადება "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






