ყოფილი პროკურორი - ვალერი გრიგალაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ყოფილი პროკურორებისა და მოსამართლეების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ხატიაშვილის მიზანია, რომ არ დაუშვას ადვოკატურის რიგებში ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მუშაობდნენ პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე.
„ზაზა ხატიაშვილმა ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა ტელევიზიით, თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით. მოსამართლეეები და პროკურორები, რომლებმაც ახალი რეჟიმის პირობებში სამსახური დაკარგეს, იძულებულნი არიან მიმართონ განცხადებით ადვოკატთა ასოციაციას და მოითხოვონ გაწევრიანება იმისთვის, რომ ადვოკატობით მოახდინონ თვითდასაქმება. საკუთარი შრომისუნარის წყალობით მოიპოვონ ელემენტარული ცხოვრების საშუალება. სწორედ ასეთ პროკურორებს და მოსამართლეებს მოევლინა ზაზა ხატიაშვილი ხელისშემშლელ ფაქტორად", - აცხადებს გრიგალაშვილი.
შეგახსენებთ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მოსამართლე ლელა ცანავასა და გიორგი მიქაუტაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ეს ის მოსამართლეები არიან, ვინც უკანონოდ სცნეს ხატიაშვილის გადაწყვეტილება ყოფილი პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






