,,ლედი“ გაჩუქდა!!!
რა აღარ გადაიტანა 12 წლის მანძილზე. დიდი უბედურება კი მაშინ დაიწყო, როცა პატრონმა გივი სვანიძის 30 ნომერთან გააჩერა მანქანა და თავშესაფრის მეპატრონეს მისი მიღება სთხოვა. კითხვაზე, თუ რატომ აბარებდნენ 12 წლის ნაერთგულარ ძაღლს, პასუხი მოკლე იყო: დაბერდა და ვეღარ ვუვლიო...
დაღონებული და შეურაცხყოფილი ,,ლედი“ ბედს დამორჩილდა და ნელ-ნელა შემოვიდა თავშესაფარში.
მას შემდეგ დიდი დრო გადის. ,,ლედის“ ჩუქების მსურველი და არა და არ ჩანს...
თითქოს მიეჩვია ქართული ნაგაზი მარტოობას. მის თვალებში კი დღითიდღე იმატებდა ბინდისფერი სევდა.
ერთ საღამოს ცა ავისმომასწავებლად მოიქუფრა. ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. ,,ლედის“ თავადაც უკვირდა როგორ იპოვა საკუთარ თავში ამხელა ძალა -
მან 4 ძაღლი იხსნა ადიდებულ წყალში დახრჩობისგან!
მისი გმირობის ამბავი ცნობილი გახდა არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ საზღვრებს გარეთაც.
,,ლედის“ ეს არ აინტერებდა. მხოლოდ ერთგულ ოჯახზე ოცნებობდა.
ორჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სტიქიას. მეორე სტიქიის შემდეგ დროებითი შემფარებელი გამოუჩნდა. მალე კი ოცნებაც აუსრულდა.
ბათუმიდან ია რუხაძე დაგვიკავშირდა. ,,ლედის“ ჩუქების თხოვნაზე თავშესაფრის მეპატრონისგან თანხმობა მიიღო. მხოლოდ ტრანპორტირების პრობლემა რჩებოდა, რაც ქალბატონი იას მეგობრებმა, ცოლ-ქმარმა თეა პაპიძემ და ნიკა ხარატიშვილმა, მოაგვარეს.
დღეს საკუთარი მანქანით ჩაუყვანეს ქალბატონ იას ახალი მეგობარი.
დარეკეს კიდეც, კარგად ვიმგზავრეთ და ,,ლედიც“ კარგადააო.
ერთ დროს პატრონისგან მიტოვებული 12 წლის, ძუ ქართული ნაგაზი ,,ლედი“ დღეიდან ბათუმის ქუჩებში ისეირნებს...“ - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






