საუბარია ე.წ. ახალი გზის სხვა პროექტებზე და ტენდერებზე, რომელიც თბილისის მერიამ ჩაატარა.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ამბობს, რომ დოკუმენტაციაში,რომელიც ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობას ეხება, რამდენიმე უცნაური გარემოება აღმოჩნდა. ,,მაგალითად, მანამდე გზა ფიზიკურად არ არსებობდა, დოკუმენტებში კი სამუშაო გატარებულია, როგორც არსებული გზის რეაბილიტაცია და არა ახალი გზის მშენებლობა“ - აცხადებს სამუშია.
მისივე თქმით, ვაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე თავისი კომპეტენტური აზრი და დასკვნა არ წარმოუდგენია თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და ზონალურ საბჭოსაც. სამუშია თვლის, რომ ეს სავალდებულო იყო, რადგან მშენებლობა სარეკრეაციო ზონაში მიმდინარეობდა. ,,არც ერთ ამ უწყებაში პროექტი განსახილველად არ შესულა, რადგან "გზის რეაბილიტაცია" ამას არ საჭიროებდა“-აცხადებს ჯაბა სამუშია.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს არ აქვს ინფორმაცია რა დოკუმენტაცია გაიტანა მერიიდან პროკურატურამ. ავთანდილ სუდაძე აცხადებს, რომ მისი ინტერესის სფეროში ეს არ შედიოდა განსაკუთრებით სტიქიის პერიოდში.
"კურიერი" დღესვე თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის პოზიციით დაინტერესდა. სამსახურში ამბობენ, რომ თავად გეოლოგიური დასკვნა ნაპოვნი არ არის, თუმცა მიღება- ჩაბარების აქტის ჩამონათვალში გეოლოგიური დასკვნა წერია და შესაბამისად პროკურატურამ ეს მასალები გაიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






