მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს აპარატის მთავარმა სპეციალისტმა, ეკა ხვედელიძემ, საჯარო მოხელეთა გამოცხადებულ კონკურსში უმაღლესი ქულები აიღო და კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა ის, სამსახურიდან, მაინც დაითხოვეს.
ხვედელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 6 წელი მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ, ხვედელიძეს ყველა მაჩვენებელი მაღალი ჰქონდა, კომისიამ მას ახალბედა ვალერი წულაძე ამჯობინა.
როგორც „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საკრებულოდან აცნობეს, ეკა ხვედელიძის სამსახურიდან დათხოვის მიზეზი ის გახდა, რომ აღნიშნული ქალბატონი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანლის, კახა ასკურავას, ძმის გიროგი ასკურავას მეუღლეა.
მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის მეგობრის შვილი და ლანჩხუთის ხელისუფლების მაღალჩინოსნის, მაგული კუნჭულიას ახლო ნათესავი, ვინმე ვალერი წულაძე დაინიშნა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კომისია პრესის ფურცლებზე რამდენჯერმე მოხვდა, მათ შორის რამდენჯერმე სკანდალში კომისიის ხელმძღვანელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე გაეხვა.
კერძოდ, ადგილობრივი მედიის მტკიცებით, კომისიის თავმჯდომარემ, კომისიის შედეგად სამსახურში დიდი რაოდენობით თანაკლასელები დაასაქმა, იმავე კომისიის წევრად კი ადგილობრივი სასულიერო პირი ყავდა შერჩეული.
კითხვაზე თუ სასულიერო პირს რა ფუნქცია ექნებოდა საჯარო მოხელეთა კონკურსში, მან მაშინ ასე გვიპასუხა: “როცა კონკურსანტები გასაუბრებაზე მოვლენ და მამაოს დაინახავენ, მათ სტრესები მოეხსნებათ და სიმშვიდეს მოიპოვებენ“.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






