ზურაბ ხარატიშვილის თქმით, განათლების სამინისტრომ უკვე დაუგზავნა ქართულ პოლიგრაფიულ საწარმოებს დასაბეჭდი სახელმძღვანელოების ჩამონათვალი და სპეციფიკაციები, საიდანაც ირკვევა, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის განახლდება მხოლოდ 41 992 სახელმძღვანელო.
პოლიტიკოსის აზრით, ყველაზე მეტად სავალალო ისაა, რომ სამინისტრო საერთოდ არ აპირებს პირველკლასელთათვის „დედა ენის“ განახლებას და ბავშვებს ნახმარ წიგნებს დაურიგებენ. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავრობა ქამრებს თვითონ კი არ იჭერს, არამედ ბავშვებს უჭერს. უფასო სახელმძღვანელოებისთვის, ბიუჯეტში გამოყოფილი 16 მილიონის ნაცვლად, 2 მილიონიც არ იხარჯება და ეს იმ ფონზე, როცა განათლების მინისტრი, მთავრობის წევრებს შორის, უპირობო ლიდერია აღებული პრემიებით და დანამატებით.“
ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ნახმარი სახელმძღვანელოები არა მხოლოდ პრაქტიკული და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაა ბავშვებისთვის პრობლემატური, არამედ - საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, ,,ვინაიდან ქაღალდი ასწლეულობის განმავლობაში ინახავს საშიშ ვირუსებსა და ბაქტერიებს. ეს სერიოზული საკითხია და პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამ თემას ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი ექნება“ - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, წელს განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებს პრაქტიკულად მთლიანად ნახმარ სახელმძღვანელოებს დაურიგებს. აქედან 40% იქნება ორი წლის ნახმარი წიგნები, 60% - ერთი წლის ნახმარი წიგნები.
,,საქართველოს სტამბებს განათლების სამინისტრომ უკვე დაუგზავნა ტენდერისთვის მოსამზადებელი მონაცემები, რომლებიც კომიკურად არაკვალიფიციურია. მაგალითად: ტენდერის ერთ-ერთი ლოტია რუსული ენის სახელმძღვანელო, VIII საფეხური - 4 ეგზემპლარი. საქმე ის გახლავთ, რომ ოთხი წიგნის ბეჭდვა იმდენად არარენტაბელურია და იმდენად ზრდის ერთი ეგზემპლარის თვითღირებულებას, რომ იგივე ხარჯით შესაძლებელი იქნება დაახლოებით 50-ჯერ მეტი წიგნის დაბეჭდვა. ეს სრულიდ ცალსახაა პოლიგრაფიაში ოდნავ მაინც გარკვეული ადამიანისთვისაც. იგივე შეიძლება ითქვას 79 ეგზემპლარის შეკვეთაზეც (რუსული ენა,III საფეხური), 65 ეგზემპარის შეკვეთაზე (რუსული ენა, V საფეხური) და ა.შ.
სულ, სახელმძღვანელოების გასაახლებლად, წელს განათლების სამინისტრო უკვეთავს 41 992 წიგნის დაბეჭდვას, რაც პრაქტიკულად არაფერია. შედარებისთვის - 2013 წელს დაიბეჭდა 2 566 566 წიგნი, 2014 წელს - 1 414 767“ - აცხადებს ხარატიშვილი.
რაც შეეხება ,,დედა ენას“, ის საერთოდ არ იბეჭდება და ყველა პირველკლასელი ნახმარ სახელმძღვანელოს მიიღებს.
,,საინტრესოა ეს მონაცემიც: განახლებული 41 992 სახელმძღვანელოდან 24 661 არის რუსული ენის წიგნი; 16 552 - ბუნების მეტყველების; და მხოლოდ 774 სახელმძღვანელო განახლდება ქართუ ენასა და ლიტერატურაში“ - ამბობს ხარატიშვილი.
წლის დასწყისში, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამაზე ბიუჯეტში გაწერილი იყო 17 მილიონი ლარი. ამ შეკვეთით დაიხარჯება მაქსიმუმ 2 მილიონი.
,,ასეთი ეკონომია რომ გაეწია, განათლების სამინისტრომ აიძულა სკოლების ხელმძღვანელობა და პედაგოგები, ეწებებინათ დაზიანებული წიგნები, გადაეტან-გადმოეტანათ ამოხეული გვერდები და როგორმე შეეკოწიწებინათ ვარგისიან კონდიციამდე. ასეთი სახელმძღვანელოები რამდენიმე კვირაში დაეშლებათ ბავშვებს. ამის შემდეგ აყვავდება არალეგალური შავი ბაზარი და მშობლებს ისევ მოწევთ 20,25,30 და მეტი ლარის გადახდა თითო წიგნში.
გამოდის, რომ მთავრობამ ქამრები შემოიჭირა არა საკუთარი კომფორტის, არამედ ბავშვების ხარჯზე - ჯერ იყო და 20 000-მდე პირველკლასელი დატოვა სკოლის გარეთ, ახლა კი მათ დაგლეჯილ წიგნებს ურიგებს“ - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






