ლანჩხუთელი ,,თავისუფალ-დემოკრატი“ ელგუჯა ჩხაიძე გურიის მოამბე“- სთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
ის კოლეგა დეპუტატებს გამგებლის დაცვაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ ლანჩხუთის გამგებელმა ისინი პროექტების მიცემის სანაცვლოდ გააჩუმა.
_ დეპუტატები, რომლებიც თითქმის ყველა სხდომაზე გამგებლის მისამართით არ იშურებდნენ სალანძღავ სიტყვებს დღეს ნახეთ რა ხდება, როგორ კბილებით იცავენ. მოიკითხეთ ამ დეპუტატებს აქვთ თუ არა აღებული პროექტები.
_ რაზე მიგვანიშნებთ ბატონო ელგუჯა?
_ მე რისკენ მიგანიშნებთ? იმისკენ, რომ ამ დეპუტატებმა მიიღეს თავისი და გახდნენ გამგებლის გუნდის წევრები.
_ გაქვთ ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები?
_ რა თქმა უნდა. ისე ხომ არ ვილაპარკებ? მოვა მაგის თქმის დროც. მე თვითონ ჩემი ყურითაც გამიგია და თითონ გამგებელსაც აქვს ჩემთვის მონაყოლი, თუ რა იძულებაში აყენებდნენ დეპუტატები, რომ პროექტები მიეცა. გამგებლის ზაზა ურუშაძის კაბინეტიდან წივილ-კივილი გამოდიოდა პროექტის მიცემ-მოცემაზე. რომ შევედი და ვიკითხე რა ხდება თქო, _ეგ რა არის, რაც შენ მოისმინე და რაც გარეთ ისმოდა, გუშინ უნდა გენახა, აქ რა ხდებოდაო.
სახელი და გვარები დამისახელა, თუ ვინ აყენებდა იძულებაში რომ პროექტები მიეცა.
_ შეგიძლიათ ვითხრათ ვისზე საუბრობთ?
_ ჯერ ამას არ გავასაჯაროებთ. მოვა ამის დროც.
_ბატონო ელგუჯა თქვენი კომენტარიც წავიკითხე, იმის თაობაზე, რომ ლანჩხუთში კორუფცია ჰყვავის..
_ დიახ. თუმცა კორუფცია მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაციდან ქრთამს იღებ. კორუფცია არის ისიც, რომ საქმის საფასურად ვიღაცას აძლევ სახელმწიფო ან მუნიციპალურ პროექტს. ამას ქვია მოსყიდვა. ამის წინააღმდეგ ჩვენ დავიწყეთ უკვე ბრძოლა. საინტერესოა, თქვენ ხომ ესწრებოდით სხდომებს, ვინც მაშინ ხმამაღლა ყვიროდა და ილანძღებოდა, დღეს მათი ხმა ისმის სადმე? ყველა გააჩუმეს.. თუ ჭკვიანად არ იქნებიან ეს დეპუტატები და არ იმუშავებენ ზუსტად ისე, როგორც ეს ხალხს უნდა, არ დაიცავენ პირველ რიგში ხალხისა და ქვეყნის ინეტერესებს, ყველა იქნება დასახელებული და გამოვლენილი. ამის დასახელებას ნამდვილად არ მოვერიდები.
სანამ ჩხაიძე კონკრეტულ დეპუტატთა ვინაობას დაასახელებს, თუ ვინ გააჩუმა გამგებელმა ურუშაძემ მიცემული პროექტების სანაცვლოდ, მანამ 'გურიის მოამბე" ტავად გამგებელს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩხაიძის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






