„მიშამ „ჩარეცხილები“ რომ გიწოდათ, მახსოვს მაშინ ძალიან მეწყინა, თუმცა, მას შემდეგ თქვენ და თქვენისთანები ყოველ ჯერზე ამართლებთ ამ სიტყვის მნიშვნელობას ქ-ნო ქეთი“ - წერს ბათუმელი ჟურნალისტი ესმა შავაძე და ქეთი დოლიძეს ვრცელი პოსტით პასუხობს.
ესმა შავაძე: „თქვენს მაგივრად მრცხვენია ჩემი ემიგრანტი მეგობრების, იმ მეგობრების, რომლებიც როგორც თქვენ თქვით საკუთარი „ნებით“ წასულან თავის დროზე, - ავტობუსის საბარგულში დამალულები, გასაბერი ნავებით, პატარა ბავშვებით ხელში ათობით კილომეტრის ფეხით გავლით...
მრცხვენია იმედგაცრუებული, უამრავჯერ დამცირებული, შიმშილგამოვლილი მეგობრების წინაშე, რომელთა დილა „ბავშვს რა ვჭამო“ ფიქრით იწყებოდა, რომელთა დილა აქედან წასვლის და გადარჩენის ფიქრით იწყებოდა, დიახ, შვილების შიმშილისგან გადარჩენის ფიქრით... გაბედეს და გაიქცნენ, მე ვერ გავბედე და ამ დრომდე ვნანობ, თუმცა, დღემდე არ მტოვებს აქედან გაქცევის ფიქრი და სურვილი...
არასოდეს დამავიწყდება ის დღე, მისი სევდიანი და დაღლილი თვალები, ვაცილებდი და არ ვიცოდი კიდევ როდის ვნახავდი და ჩავეხუტებოდი, ახლაც არ ვიცი... მერე წლები დამჭირდა იმისთვის, რომ ქუჩაში მისი თმის ფერის, სიგრძის თუ უბრალოდ სუნამოს სუნის გამო ვინმეში არ შემშლოდა. დღესაც მელანდება ხოლმე,ქუჩაში მიმავალს, ოღონდ უკვე იშვიათად... ამას წინათ გამიმხილა, ყოველ ღამე საქართველო, ჩემი ქუჩა და ეზო მესიზმრება, არასოდეს დამსიზმრებია პარიზი და მისი ქუჩებიო...
დიახ ქ-ნო ქეთი, თქვენ მაძღრებს, ფსევდოპატრიოტებს ბიძინას დოლარები გესიზმრებათ, იმათ კი ოცნებადქცეული გაბრწყინებული საქართველო და იმ ერთადერთ ხავსს, იმედს ეჭიდებიან, რომ ოდესღაც აუცილებლად დაბრუნდებიან“ !!!
მასალის გამოყენების პირობები






