"2014 წლის მიწურულს საქართველოში დაწყებული სავალუტო კრიზისის ფონზე, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წარმოება. მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავრობა წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს.
ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად მთელ რიგ უწყებებში უნდა აისახოს პრემიებისა თუ დანამატების გაცემის პოლიტიკაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს წარმოგიდგინოთ IDFI-ის კვლევა, რომელიც უკავშირდება 2014 წელს საჯარო დაწესებულებებში პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკას.
2014 წელს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი ნიშნული ფიქსირდება 1 296 186 185 ლარი, რაც დაახლოებით 109 მილიონი ლარით აღემატება 2013 წლის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულ თანხებს, ხოლო 247 მილიონი ლარით 2012 წლის მაჩვენებელს.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია როგორც გაცემული სარგოების ასევე პრემიების ოდენობა, შრომის ანაზღაურების საერთო ზრდა, განპირობებულია სახელფასო დანამატებისა და წოდებრივი სარგოების მნიშვნელოვანი მატებით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს გაცემულია დაახლოებით 20 მილიონი ლარით ნაკლები პრემია, მკვეთრად იმატა სახელფასო დანამატის გაცემის საერთო ოდენობამ და 2014 წელს აღნიშნული მუხლით საჯარო სამსახურში გაიცა დაახლოებით 57 მილიონი ლარით მეტი დანამატი ვიდრე 2013 წელს.
უკანასკნელ წლებში შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 127 609 429 ლარი, რაც 2013 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულ ანაზღაურებაზე 37 მილიონი ლარით მეტია.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებამ ვერ უზრუნველყს პრობლემის სრულად მოგვარება. აღნიშნული დადგენილებით, რეგულაციები დაწესდა მხოლოდ საჯარო სამსახურში არსებულ პრემიებზე, რამაც განაპირობა მთელ რიგ დაწესებულებებში პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია. შედეგად, მთავრობის რეგულაციების ფონზე, სხვადასხვა დაწესებულებების მაგალითზე, სახეზე გვაქვს შემდეგი პრაქტიკა:
Ø სახელფასო დანამატების დაწესების ხარჯზე მთელი რიგი თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება უცვლელი დარჩა ან გაიზარდა.
Ø ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატება მისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურებას.
Ø სხვადასხვა უწყების ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
იხილეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები






