საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპარტიულ ჯგუფთან კონსულტაციისთვის მზად არის.
ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე ხელისუფლებას ხალხის მოტყუების საშუალებას არ მიცემს.
„მე არ ვიცი რა კონკრეტული გეგმები აქვს არასაპარლამენტო ოპიზიციას, მაგრამ ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მაგრამ ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო ოპოზიცია, ჩვენ ვმოქმედებთ კანონიერების და კონსტიტუციის ფარგლებში და ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ პარლამენტის შიგნით ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება გადადგას ის ნაბიჯები, რომლითაც ის მოატყუებს ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, რომ 2016 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. ისინი მიმართავენ, უმრავლესობის წევრებს, რომლებიც თავის დროზე საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, რომ გაიხსენონ თავისი მოთხოვნები და ხელისუფლებაში ყოფნის დროს მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.
მასალის გამოყენების პირობები






