ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში გათვალისწინებულია ვალდებულება იმის შესახებ, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.
მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს, ევროკავშირი მზადაა ამ სფეროს ექსპერტები გამოაგზვანოს.
„რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ განხილვებს თვალს ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ასევე ვეცნობით ქართველი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ევროკავშირი ეროვნული ბანკების, როგორც ძლიერი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მტკიცე დამცველია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგში არის ვალდებულება, იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ერვოპული პრინციპების გათვალისწინებით. ჩვენ მზად ვართ ამ მხრივ რეკომენდაციები გაგიწიოთ“, - განაცხადა ჰერმანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






