,,როგორც ცნობილია ხელისუფლებამ უარი თქვა საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე და რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ და დე-ფაქტო პრემიერმა განაცხადეს, რომ მაჟორიტარული სისტემა მცირედი ცვლილებებით შენარჩუნებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არეცრთი შეხვედრა ან კონსულტაცია არ გაუმართავს ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმებიც კი ფორმალურად მაინც საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, ქმნიდნენ ინტერპარტიულ ჯგუფებს სადაც მიმდინარეობდა ხანგრძლივი დისკუსია საარჩევნო რეფორმის საკითხებზე.
უკიდურესად სამარცხვინოა, რომ „ოცნების“ ლიდერები უარს ამბობენ თავიანთ ყველა ძირითად დაპირებაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რასაც თავად განიხილავდნენ, წლების მანძილზე როგორც არჩევნების ლეგიტიმურობის წინაპირობას, მ.შ: მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, პარიტეტული ადმინისტრაციის და ბიომეტრიული სიების შემოღებას და სხვ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მრავალი მათგანი შიმშილობდა კიდეც ამ მოთხოვნით პარლამენტის კიბეებზე.
სრულიად აშკარაა, რომ კორუფციაში ღრმად ჩაფლული „ოცნება“არანაირი რეფორმის გატარებას თავისი ნებით არც ახლა და არც სამომავლოდ არ აპირებს. ამიტომაც მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მთელ საზოგადოებას, 2007 წლის საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები - იგივე დღეს 2015 წლის 28 სექტემბერს;
იგივე მოთხოვნებით - მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაციის შემოღება;
იგივე ადგილას - რუსთაველის გამზირზე.
სექტემბრამდე დარჩენილ დრო კი გამოვიყენოთ, ხელისუფლებასთან კონსულტაციებისთვის, რათა ოლიგარქიული რეჟიმი გონს მოეგოს და საკუთარი ნებით განახორციელოს დაპირებული რეფორმა“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






