აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ ნორლანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ძალიან დამამწუხრა კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალებამ, რომელიც სამი წლის წინ მძიმედ დაშავდა ავღანეთში ISAF-ის მისიაში მსახურისას. კაპრალი დავითაია გამორჩეული იყო თავისი სიმამაცით, სიძლიერითა და სიმტკიცით. გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მე და მერის რამაზთან და მის ოჯახთან ურთიერთობის პატივი გვერგო. ჩვენ ის გასულ ხუთშაბათს გორში მოვინახულეთ, თუმცა არ ვიცოდით რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ძალიან გვეტკინა გული. შეერთებული შტატების სახელით ვუსამძიმრებ კაპრალ დავითაიას ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება. კაპრალ დავითაიას ხსოვნის პატივსაცემად, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა. იგი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში“ და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.
მასალის გამოყენების პირობები






