თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
„გორიდან მოვდივარ, ამაყი მაგრამ გულდამძიმებული. კაპრალი დავითაია გარდაიცვალა რამდენიმე საათის წინ! ჩვენი დროის კიდევ ერთი გმირი და ამაყი ქართველი. 3 წლის წინ დაიჭრა ავღანეთში. რამაზი და ქართველი და გერმანელი ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ.
დღეს მისი სიცოცხლე დასრულდა, თუმცა კიდევ ერთი ქართველი გმირი დაიბადა ჩვენს თვალწინ. გმირი რომელზეც დიდ ხანს ისაუბრებენ, დიდხანს ვიამაყებთ, დიდხანს გავიხსენებთ.
რამაზ დავითაია ერთგულად ემსახურა ჩვენს სამშობლოს და ლამაზი ფურცელი დაუტოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიას“, -წერს ხიდაშელი.
დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა. იგი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში“ და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.
მასალის გამოყენების პირობები






