შეიძლება, გაგეცინოთ, ამ წერილს რომ წაიკითხავთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩემს ძმას სასაცილოდ ნამდვილად არ აქვს საქმე.
ვცხოვრობთ, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ პატარა სოფელში – სულ ოცდაათი კომლი ვართ. სოფლის პირობაზე გუჯა მართლაც რომ სასურველი სასიძოა სახლ-კარიც აქვს, მიწის ნაკვეთიც; გარეგნობითაც არა უშავს რა, თანაც, ძალიან მშრომელი ბიჭია, კარგად ერკვევა მანქანებში და, რაიონულ ცენტრში, რომლამდეც სულ რაღაც ნახევარი საათის სავალია, პატარა ავტოპროფილაქტიკა გახსნა. ამიტომ, სულ გზაზეა გაკრული. მოკლედ, საქმიანი და ჩუმი ბიჭია – არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და, მით უმეტეს – ლამაზი სიტყვები. გუჯას შეუყვარდა ჩვენი თანასოფლელი გოგო, რომელსაც მთელი წელია, ხვდება და შემოდგომისთვის ქორწილიც დაგეგმეს, მაგრამ, უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს ქორწილი შედგება. საქმე ისაა, რომ ყველაფერი კარგად იყო გასული წლის ოქტომბრამდე, ანუ მანამდე, სანამ სოფელში დენს მოგვცემდნენ. პრინციპში, კარგად როგორ იყო, ძალიან გვიჭირდა ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება, მაგრამ, ასე თუ ისე, რაღაცნაირად შეჩვეულები და აწყობილები ვიყავით უშუქო რეჟიმზე. ცხადია, ტელევიზორის ყურების საშუალება არ გვქონდა და ხალხს უფრო მეტად ეცალა ერთმანეთთან საურთიერთობოდ, ხოლო ახალგაზრდებს – პაემნებზე სასიარულოდ. მას შემდეგ კი, რაც დენი მოგვცეს, ყველა სახლში ჩაიკეტა, ტელევიზორს მიუჯდა და, ძირითადად, სერიალებზე გადაერთო (მით უმეტეს, რომ სოფელში კინოთეატრი უკვე ოც წელზე მეტია, აღარ გვაქვს). ამ ყველაფერმა კი ბევრი ცუდი რამ გამოიწვია: პირველ ყოვლისა, ჩვენმა გოგოებმა ბრაზილიელი თუ ვენესუელელი ტურფებივით დაიწყეს ჩაცმა (ახლა თურქული სერიალებიც დაემატა), მაგრამ, ეს კიდევ არაფერი. მთავარი უბედურება ისაა, რომ, როგორც გაირკვა, ძალიან მოსწონთ სერიალის შეყვარებულ წყვილებსა და ცოლ-ქმრებს შორის „რომანტიკული“ მიმართვები – „საყვარელო“, „ძვირფასო“ და ასე შემდეგ და, გაუთხოვარი გოგონების უმრავლესობა სწორედ ასეთ მიმართვებს ითხოვს თავიანთი სატრფოებისგან (გათხოვილები მაინც ვერ ბედავენ ამის მოთხოვნას ქმრებისგან, თუმცა გულში ნამდვილად ოცნებობენ), ბიჭებს კი ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ჩვენი კაცები, მოგეხსენებათ, საკმაოდ უხეშები (და ხეპრეებიც კი) არიან და ამ ორი სიტყვის თქმა („საყვარელო“ და „ძვირფასო“) მათთვის ანეკდოტის მოყოლას უდრის. სწორედ ამ მოთხოვნით დაიწყო ჩემი ძმის უბედურება – მანანამ უთხრა, მეც მინდა, ასე მომმართო ხოლმე, ყვავილები მომართვა, სიურპრიზები მომიწყო და ჩემ გამო ბიჭებს ეჩხუბოო. ამის გაგონებაზე გუჯას წამოუძახია: ეგრე რომ მოვიქცე, ბიჭები გამოს...ებულს დამიძახებენ და, გინდა, გამოს...ებულის ცოლი გახდეო? ამაზე მანანამ მიახალა – ამისთანა რა გთხოვეო და გაებუტა, მეორე დღეს კი თავისი უმცროსი დის პირით შემოუთვალა, ცოლად აღარ მოგყვებიო. ჰოდა, ზის ახლა ჩემი ძმა და თავის გულს ასკდება. მართალია, მანანა სერიოზულად უყვარს, მაგრამ, ბიჭების (და მთელი სოფლის) დაცინვისა ეშინია და ამ თხოვნას ვერ უსრულებს, არადა, დნება ბიჭი თვალსა და ხელს შუა და ვერაფერს ვშველით. ის გოგოც გაკერპებულია, ცოცხალი თავით არ უთმობს. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ელექტროენერგია ჩაგვირთეს. თან, მარტო გუჯა არაა ამ დღეში, რადგან, სხვა გოგოებსაც „დაერია“ სერიალების რომანტიკა.
არ ჯობდა, ისევ უშუქოდ ვყოფილიყავით?!
ლია, 32 წლის.
ჟურნალი "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები






