მთავრობის წევრები ბიუჯეტის კორექტირებაზე აკეთებენ კომენტარს და აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯები არ შემცირდება. მათი თქმით, გადაიხედება ადმინისტრაციული ხარჯები.
„რეალურად ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში მთავრობა თვეების განმავლობაში ხარჯავდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე ბიუჯეტით იყო გაწერილი“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, პრიორიტეტები გადაიხედება და საბოლოო ციფრები ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილია.
„არასდროს ყოფილა კომფორტული ბიუჯეტი, ეს იყო არსებული მინიმუმების გათვალისწინებით, მაგრამ პრიორიტეტები გადაიხედება. ჩვენ საშინაო დავალება შევასრულეთ, კონსულტაციები გრძელდება ფინანსთა სამინისტროსთან და უკვე საბოლოო ციფრებზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება, რის შემდეგაც მას პარლამენტი დაამტკიცებს. უმცირესობის წევრები ვარაუდობენ, რომ კორექტირების შემდეგ ცვლილებები როგორც სოციალურ ისე ინფრასტრუქტურულ ხარჯებსაც შეეხება. უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები სავარაუდოდ არ გადაიხედება.
მასალის გამოყენების პირობები






