სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მოუწოდებს ყველა მხარეს შეწყვიტონ ეროვნულ ბანკზე თავდასხმა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე ქადაგიძემ განაცხადა, ეროვნულ ბანკთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები არის მცდელობა, რომ ქვეყანაში ლარის კურსის გაუფასურებით შექმნილი მდგომარეობა გადაიფაროს.
„დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ - ექსპორტის, იმპორტის და კონკრეტული პრობლემები მოგვარების მიზნით. ნაცვლად ამისა გრძელდება დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. ჯერ იყო მოთხოვნა დაგვეხარჯა სავალუტო რეზერვი, შემდეგ იყო დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ზრდით. შემდეგ იყო ბრალდებები იმაზე, თითქოს ადგილი აქვს კომერციული და ეროვნული ბანკის მხრიდან სპეკულაციებს. როგორც კი იწყება ამ საკითხზე პროფესიული დისკუსია ყველა ეს ბრალდება საპნის ბუშტივით სკდება. ყველა ჩვენი კონტრარგუმენტი უპასუხოდ რჩება. მინდა განვაცხადო, რომ არა ეროვნული ბანკის მიერ ძალიან პრინციული პოზიცია ყველა ამ საკითხისადმი, ის ზიანი რომელიც მიიღო მოსახლეობამ, იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი. ახლა საჭიროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ არ გვაქვს გადაბრალების და კუდიანებზე ნადირობის დრო. მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






