„ამ ტერიტორიებს ჰქონდა, აქვს და ექნება ოკუპირებულის სტატუსი, მანამ სანამ მათ დეოკუპაციას არ მივაღწევთ. ეს დოკუმენტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კომერციული და სხვა სახის კონტაქტებს კრძალავს. ის, ადამიანებს შორის უბრალო კონტაქტსაც კი არ უშვებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს სამართლებრივი ნორმა, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფმა ადამიანებმა კომუნიკაცია შეინარჩუნონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე ბევრი ოჯახი გაიყო“ - განაცხადა წულუკიანმა.
რას გულისხმობს კანონი "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ", რომელიც საქართველომ 2008 წლის ოქტომბერში, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.
კანონის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვებს გულისხმობს. კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან და ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
"ოკუპაციის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 2013 წელს იქნა ინიცირებული, თუმცა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია და კანონპროექტის მიღების პროცედურა, პირველი მოსმენის შემდეგ, შეჩერდა. ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. პარლამენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი 17 მაისს პირველი მოსმენით მიიღო, რაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. კერძოდ, თბილისის მიერ უკონტროლო საზღვრებიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესების დარღვევისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები 400-ლარიანი ჯარიმით, ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ნაცვლად ამჟამად გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დევნისა, რაც გულისხმობს ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში, პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, სულ ცოტა 800 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გზით; ამასთან, შემსუბუქდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ამ ქმედებისთვის არსებული სასჯელი და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მოსამართლეს ექნება საშუალება პირს დააკისროს სულ ცოტა 800 ლარის ჯარიმის გადახდა. არსებული წესით, დამამძიმებელ გარემოებებში პირისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ პატიმრობა, რომლის ვადაც 3-დან 5-წლამდეა.
მასალის გამოყენების პირობები






